BBC: საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება
ამობეჭდვა · 2017-07-31 20:34:00 · 422 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება.

"საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- სტატიას ამ სათაურით BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში ტალინს, თბილისსა და პოდგორიცას მოინახულებს, სამ ქვეყანას, რომლებიც რუსული საფრთხის წინაშე დგანან.

"მაიკ პენსის ვიზიტი არის ნათელი ნიშანი, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხში მათ მხარს უჭერს"- ნათქვამია სტატიაში.

BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კვლავ არსებით ყურადღებას აქცევს ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებს და პარტნიორებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაიკ პენსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, რომელიც საქართველოს სტუმრობს. ანალიტკოსების მოსაზრებით, ეს ნიშნავს, რომ აშშ კვლავ დიდი ყურადღებას აქცევს თავის ახალ მოკავშირეებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მაიკ პენსის ტურნე დაიწყო იმავე დღეს, როდესაც საქართველოს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ნატოსა და მისი პარტნიორების მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი 2017" დაიწყო.



ავტორი: PIA.ge