"სტინგერები", "ჯაველინები", უპილოტოები - რა იარაღს ელის თბილისი ამერიკისგან
ამობეჭდვა · 2017-08-04 00:20:00 · 413 ნახვა

აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინის მსგავსად, საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე. ეს მოლოდინი და ვარაუდი თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის - მაიკ პენსის განცხადებებმა გააჩინა.

ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, აშშ-მა საქართველოს მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ჯავშანჟილეტები, მუზარადები და სამხედრო ამუნიციაც გადმოსცეს, ყველაზე სასურველ შედეგად კი უპილოტო საფრენი აპარატების, დრონების შესაძლო გადმოცემას მიიჩნევენ.

"ახლა უკვე ამერიკული შეიარაღების შესყიდვაზეც შეგვიძლია, რეალურად ვილაპარაკოთ. თან, არა მარტო შეიარაღების გადმოცემაზე იქნებოდა საუბარი, არამედ სამხედრო მრჩევლების რაოდენობის გაზრდაზე, ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე, აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში ქართველი სამხედროების მომზადებაზე. ეს იქნება ადეკვატური ტიპის დახმარება, რომელიც ნატო-ს წევრმა სახელმწიფომ ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოს უნდა აღმოუჩინოს და რაზეც მაიკ პენსმა არცთუ ორაზროვნად მიანიშნა კიდეც. მაიკ პენსი იყო ერთგვარი დაზვერვა, რომ ეს საკითხი ვაშინგტონში დადებითად გადაწყდეს," - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აშშ-დან შეიარაღების მიღების შესაძლებლობასა თუ მინიშნებაზე დიდი განხილვის გამართვას, თუმცა ადასტურებს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რომ აშშ არის საქართველოს მოკავშირე, იყო ღია მესიჯი, რომ საქართველოს უსაფრთხოებისათვის დამცავი მექანიზმების მიღების შესაძლებლობა აშშ-დან ძალიან დიდია.

"პენსის განცხადებების თანახმად, შეგვიძლია, გაცილებით სხვა დონეზე ავიყვანოთ აშშ-საქართველოს ურთიერთობა. მან ახსენა სიტყვა "მოკავშირე" და მოკავშირე ძალიან სერიოზულ ქვეტექსტს შეიცავს, როგორც, მაგალითად, რუსეთი მოკავშირეა სხვა ქვეყნებისა (იგივე სომხეთის, რომელსაც შეიარაღებით ამარაგებს. რედ.). ასე უნდა განვავითაროთ ჩვენც და შესაძლებელია ეს გავაფორმოთ კიდევაც, რაც ნატო-ს პარალელური დამცავი მექანიზმი იქნება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ამას არ სჭირდება ზედმეტი ხმაური და აჟიტირება, რათა მანამდე არ გავეხვიოთ ახალ შარში," - ამბობს სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მხრიდან თავდაცვითი შეიარაღების მოწოდების შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ მაიკ პენსის ვიზიტის წინ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა ვაშინგტონში მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის ევროპის პოლიტიკის სპეციალისტმა დანიელ კოჩისმა.

კოჩისმა განაცხადა, რომ მაიკ პენსის ვიზიტისას აუცილებლად მოხდებოდა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გამოხატვა ნატო-სკენ მისწრაფების გზაზე, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში რუსეთის ჯარის არსებობას დაარქმევდა თავის სახელს, უცხო ქვეყნის ოკუპაციას და ბოლოს სურვილი გამოთქვა, რომ კარგი იქნება, დაიწყოს საუბარი, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში ძალიან მწვავე განცხადებები გამოთქვა რუსეთის მიმართ, რამდენჯერმე ახსენა სიტყვა "ოკუპაცია", საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვა, განაცხადა, რომ აშშ დაიცავს საქართველოს თავისუფლებას, ახსენა სიტყვა "მოკავშირე", მაგრამ ღიად არ განუცხადებია, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოსთვის იარაღის მოწოდებაზე გადაწყვეტილება არსებობს.

სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტების განცხადებით, როგორც წესი, ამგვარი შეთანხმება ხდება კულუარულად და ის საჯაროვდება მხოლოდ უკანასკნელ ეტაპზე. ხოლო აშშ-ის ამ მზაობაზე პოლიტიკური გზავნილები მაიკ პენსის განცხადებებში გამოიკვეთა.

"გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე," - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვახტან მაისაიას თქმით, შეიარაღებაზე მოლაპარაკება და შეთანხმება, როგორც წესი, ჯერ მხოლოდ კულუარულ დონეზე ხდება და ამას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ამ ვიზიტისას საჯაროდ, რა თქმა უნდა, არ იტყოდა.

"მაიკ პენსი იყო ერთგვარი დაზვერვა, რომ ეს საკითხი ვაშინგტონში დადებითად გადაწყდეს. ამ ვიზიტის კონტექსტი და გეოგრაფია, ასევე, განცხადებები იყო ამის დასტური," - აცხადებს მაისაია.

იგი ამბობს, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობის ასეთი კონფრონტაციის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჯიცაა, საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს და ფიქრობს, რომ თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, ახლა უკვე დროის საკითხია, როდის მოხდება აშშ-ის უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის განხილვა და შემდგომ კონგრესის მხრიდან თანხმობა.

"როგორც ჩანს, მაიკ პენსის ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში, და მათ შორის საქართველოში, განხორციელდა იმისთვის, რომ შეესწავლათ, საქართველო რამდენად მზადაა, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას უკვე არსებული ჰიბრიდული ომის ფორმატში. პენსის ვიზიტს სამხედრო-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ყურადღება გამახვილებული იყო სწორედ სამხედრო უსაფრთხოების პირობებზე.

"არ ვიცით, ამ შეიარაღების მოწოდება მიყიდვის კონტექსტში მოხდება თუ გადმოცემის სახით. ეს ტექნიკური მომენტია. ამერიკას ჩვენთვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გადმოცემული აქვს "იროკეზის" ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები, ასევე, მსუბუქი ცეცხლსასროლი შეიარაღების სოლიდური რაოდენობა, ემ-16-ის ტიპის შაშხანები, საკომუნიკაციო კავშირგაბმულობის რამდენიმე ტიპის სისტემა. საინტერესოა, რომ გვქონდეს საშუალება, შევიძინოთ ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, როგორიცაა "სტინგერები", ასევე, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, როგორიცაა "ჯაველინი" და ყველაზე მნიშვნელოვანია, უპილოტო თვითმფრინავების, დრონების შეძენა," - ამბობს მაისია.

ამირან სალუქვაძის თქმით, ის ნაკლებად ეხმაურება თემებს, რაც იარაღის შეძენას და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას ეხება, რადგან ყურადღებით ადევნებს თვალს რუს პოლიტოლოგთა განცხადებებს, რომლებიც, როგორც წესი, თავისით არ საუბრობენ.

"რუსი პოლიტოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ, აშშ-სთან თანამშრომლობიდან გამომდინარე, საქართველოს საბრძოლო შესაძლებლობები იზრდება და, როგორც წესი, ასეთ დროს ხდება კონფლიქტის პროვოცირება, რომ ეს საბრძოლო შესაძლებლობები შეასუსტონ. ეს უკვე დაგვემართა 2008 წელს. ამიტომ არმიის მშენებლობა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა კეთდება ჩუმად, ზედმეტი განცხადებების და გამოწვევების გარეშე. მე, როგორც სამხედრო პირი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სახელმწიფოს, ხალხს, შეიარაღებულ ძალებს სჭირდება სერიოზული მომზადება და ამიტომ ნაკლებად ვეხმაურები ამ თემებს.

"ჩვენ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში გავაფორმეთ ძალიან სერიოზული ხელშეკრულება, არსებით პაკეტს ვგულისხმობ, რომლის ფარგლებში საქართველოს მწვანე შუქი ენთება აშშ-სთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით ურთიერთობის სერიოზულად განვითარება შეგვიძლია. ასევე, პენსის განცხადებების თანახმად, შეგვიძლია, გაცილებით სხვა დონეზე ავიყვანოთ აშშ-საქართველოს ურთიერთობა. მან ახსენა სიტყვა მოკავშირე და მოკავშირე ძალიან სერიოზულ ქვეტექსტს შეიცავს," - დასძენს სალუქვაძე.



ავტორი: "რეზონანსი"