ბინის გაქირავების ფასმა 100 ლარით მოიმატა
ამობეჭდვა · 2017-08-07 00:07:00 · 402 ნახვა

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად ბინის გაქირავების ფასმა მოიმატა. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე გასაქირავებელი ბინები 100-150 ლარით გაძვირდა. გააჩნია ფართს და ადგილმდებარეობას. სტუდენტები ჯერჯერობით არ აქტიურობენ და მხოლოდ იაფფასიან ბინებს ეძებენ, მაკლერები და ბინის მფლობელები კი თვის ბოლოსთვის ემზადებიან. ისინი 20 აგვისტოდან ელიან მსურველთა დიდ ნაკადს.

ბოლო პერიოდში გადასახადის ზრდამ ბინის დაქირავებაზე მოთხოვნის კლება გამოიწვია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია ძვირადღირებულ ბინებზე. უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე პირები ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: მძიმე სოციალური ფონი, ბოლო წლების სავალუტო რყევა, მაღალი კონკურენცია და უძრავი ქონების შეძენის გამარტივებული გზა.

მაია დავლათიძე, უკვე წლებია, ამ ბიზნესში მუშაობს. მისი თქმით, ჯერჯერობით მოთხოვნა არ გაზრდილა, თუმცა 20 აგვისტოს შემდეგ აქტიურად დაიწყება ბინების მოთხოვნა:

"ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ამ ბიზნესში ბევრი რამ იცვლებოდა. ამ ეტაპზე ქირა 100 ლარით არის მომატებული. უმეტესად სტუდენტები და მათი მშობლები აქტიურობენ. აქვთ ამბიცია ქალაქის ცენტრში ბინის დაქირავებაზე, მაგრამ მაღალი გადასახადი აშინებთ. არადა, ბინას კარგ მდგომარეობაში ქალაქის ცენტრში მაღალი ფასი ადევს.

ეძებენ, მაქსიმუმ, 400 ლარად, რაც აბსურდია და თითქმის შეუძლებელია ცენტრში შოვნა. არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ეს იშვიათობაა, მით უმეტეს, ახლა, როცა ყველა ბინას ეძებს. ამიტომ იძულებულნი არიან, მესაკუთრეების პირობებს დასჯერდნენ.

ბინები იაფია ძველ უბნებში, მაგრამ ისეთი ავარიული საცხოვრებელი სახლებია, რომ ჩვენ იშვიათად ვურჩევთ, მსგავს ადგილზე იქირაონ. რთულია მომხმარებლის პირობების დაკმაყოფილება. გაზრდილია ფასი და ამას ვერ ეგუებიან.

გაქირავების ბიზნესს, ასე ვთქვათ, ხელი შეუშალა მშენებარე ბინების ბიზნესმა, სადაც შეგიძლია, შესახლდე და თვიურად იხადო თანხა. ხალხს ასე ურჩევნია, რადგან გადახდის თავი აღარ აქვთ და ახლა ყველა იაფ ვარიანტს ეძებს, ოღონდ კი სადმე მშენებარე კორპუსში მოახერხონ ფართის შეძენა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაია დავლათიძემ.

უძრავი ქონების სააგენტოს მუშაობაზე გავლენა ვერც უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ იქონია. ამიტომ გაქირავება-დაგირავებით დაკავებული ადამიანები ძირითადად სტუდენტების იმედად არიან დარჩენილნი. ამ მხრივ კი ის პრობლემაა, რომ ახალგაზრდები მხოლოდ იაფ ბინებს ეძებენ. ასე რომ, საშუალო და მაღალფასიანი ბინების გაქირავება წელს კიდევ უფრო ჭირს.

მოთხოვნის შემცირების გამო უძრავი ქონების სააგენტოს ხელმძღვანელები იძულებულნი არიან, ფასი დაწიონ, მაგრამ კერძო გამქირავებლები ასე არ ფიქრობენ. ისინი მიზეზად საყოველთაო გაძვირებას და ეკონომიკურ ფონს ასახელებენ.

სტუდენტი მარიამ მჭედლიშვილი უკვე ეძებს ბინას სასურველ ფასად, თუმცა, რა თქმა უნდა, უჭირს შოვნა. მას 300 ლარად სასურველ პირობებს ვერ სთავაზობენ, უფრო ძვირადღირებული ბინის ქირაობას კი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს.

"ვფიქრობ, 300 ლარად ნორმალური ბინის ქირაობა უნდა მოვახერხოთ. ოჯახში ორი სტუდენტი ვართ და სასექტემბროდ აუცილებლად გვჭირდება ოთახი. ამ ხარჯს ემატება ორი სტუდენტის სწავლის გადასახადი, ტრანსპორტი, საკვები და ყოველდღიური საარსებო მინიმუმი. ერთი სიტყვით, ასეთ დროს ძალიან იზრდება ხარჯი და ყოველ მეორე ოჯახს არც შეუძლია მსგავსი თანხის გაღება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მარიამ მჭედლიშვილმა.

სექტემბერში ყველაფერი აქტიურ ფაზაში გადადის, განსაკუთრებით ეს ეხება უძრავ ქონებას. გაზრდილი ფასი შემაშფოთებელი აღმოჩნდა სტუდენტებისთვის და მათი უმრავლესობა იძულებული ხდება, ბინა იქირაოს ძველ იტალიურ ეზოში ან გარეუბანში, უნივერსიტეტიდან საკმაოდ შორს, რაც არახელსაყრელია.

ეკატერინე კვინტრაძე ერთ-ერთი მაკლერია, რომელიც "რეზონანსთან" მომატებული ფასების დეტალებზე საუბრობს.

"ახლა ნამდვილად გაძვირებულია ფართის დაქირავება და დაგირავებაც. ჯერჯერობით სტუდენტები არ აქტიურობენ, ეს დაახლოებით 20 აგვისტოდან არის მოსალოდნელი. ასეთ დროს ძალიან რთულია ბინის შოვნა, რადგან ყველა ერთად იწყებს ძებნას. სჯობს, აგვისტოს დასაწყისში ამოძრავდნენ.

მგონი, არ ღირს, იტალიურ ეზოებში და თბილისის ძველ უბნებში დაიქირავო ბინა 50 ლარით ნაკლებად და არახელსაყრელ უბანში ან კორპუსში იცხოვრო. ბოლო დროს დაბალი ფასის გამო ხშირად ითხოვენ მსგავს ადგილებს. როდესაც ოჯახმა იცის, რომ ვერ გასწვდება დიდ გადასახადს, სხვა გამოსავალი არც აქვს.

ახლო მომავალში ქირის ფასი ჯერჯერობით არ გაიზრდება, რადგან ისედაც საკმაოდ მომატებულია, დაახლოებით 100-150 ლარის ფარგლებში. ეს კი თვიური გადასახადისთვის არცთუ მცირე თანხაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ეკატერინე კვინტრაძემ.