საქართველოსთან ომი რუსეთს შიდა პრობლემებს ვერ მოუგვარებს
ამობეჭდვა · 2017-08-08 00:20:00 · 499 ნახვა

ვაზიანის სამხედრო წვრთნებში ჩართული რვა ქვეყანა და საქართველოში ჩამოსული აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მკაფიო გზავნილები რუსეთის მიმართულებით - რამდენად შედეგიანი იქნება საქართველოსთვის სიმბოლური დატვირთვებით გაძლიერებული ვიზიტი და რამდენად სახიფათო პასუხები შეიძლება მივიღოთ რუსეთისგან - ეს ის კითხვებია, რომელსაც პასუხი დროთა განმავლობაში გაეცემა - მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: ასეთი დონის პროცესებში შემთხვევითობა არ არის ხოლმე. ერთი მოვლენამეორეზე აკეთებს აქცენტს და ერთ მთლიანობაში იკვრება. ისე, როგორც აშშ-ს კონგრესის განცხადებები, ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტი და ა.შ. ეს ყველაფერი თავს იყრის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ ამერიკის პოლიტიკის გამოვლინებაში.

შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ამჟამად საქართველოში ირკვევა?

- არა. დავაკვირდეთ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ტურნეს მარშრუტს - ეს არ გახლავთ მარტო საქართველო. მეორე მხრივ გავიხსენოთ ისიც, რომ იმ დოკუმენტებში, რომელიც ბოლო პერიოდში იყო მიღებული, მხოლოდ საქართველოზე არ არის ლაპარაკი - ფიგურირებს უკრაინა და ა.შ. - მოვლენათა მთელი ჯაჭვი მოქმედებს ამერიკის დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ და მასში ერთ-ერთი რგოლი საქართველოა.

ანაკლიის პორტში პარტნიორად შემოდის ამერიკული მსხვილი კომპანია. ეს ნიშნავს თუ არა, რომ იმდენად რთულდება ვითარება, რომ შავი ზღვის აუზში აუცილებელი გახდა ამერიკული ინტერესის უფრო მკაფიოდ დაფიქსირება?

- არის თუ არა ეს რუსულ თემასთან კავშირში, ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. ფაქტია, რომ პორტის თემაში ძალზე ენერგიულია ჩინეთი და არ არის გამორიცხული, ამერიკას სურდეს, არ დაკაგოს ინიციატივა ამ მიმართულებით.

თვითონ ჩინეთის გააქტიურებამ საქართველოს მიმართ, როგორც ჩანს, აშშ დაფიქრა იმაზეც, რომ რეგიონში გარდა რუსული ფაქტორისა, ჩინური ფაქტორიც შემოდის რომელმაც, შეიძლება, შეავიწროვოს ამერიკის ინტერესები საქართველოს სივრცეში.

ასე რომ, არც მხოლოდ რუსული ფაქტორით უნდა ავხსნათ ეს ნაბიჯი და არც იმ მოსაზრებას ვემხრობი, თითქოს რუსეთის კონფრონტაციული პოლიტიკის შედეგია ამერიკის გააქტიურება - ეს უფრო რთული კომბინაციაა, მათ შორის, ეკონომიკური ინტერესების მომცველიც. მრავალი ქვეყნის ინტერესი რომ იკვეთება საქართველოში, ეს ააქტიურებს ამერიკას და არა მხოლოდ რუსეთი.

საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაცია 2008 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს, თუმცა დასავლეთის მხრიდან ასეთ მკვეთრად დაფიქსირებულ პოზიციას შეიძლება ითქვას, პირველად ვხედავთ. ამერიკის გარდა ევროპის გააქტიურებასაც უნდა ველოდეთ?

- არ ვიცი, რამდენად უნდა ველოდეთ ევროპის გააქტიურებას, რადგან ამ ეტაპზე ამერიკა-ევროპის სინქრონიზაცია არ არის ისეთი, როგორიც იყო ადრე და ნამდვილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ დრო სჭირდება. პოზიციები საბოლოოდ არ არის შეჯერებული, მაგრამ არ მგონია, საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს.

გავიხსენოთ, რომ ევროპა შედარებით ფრთხილია რუსეთის მიმართულებით, საერთოდ პასიურია ჩინეთის საკითხში, ფრთხილობს უკრაინისა და ისლამური სახელმწიფოს თემებში და ა.შ. მოახერხებს თუ არა აშშ თავისი აქტიურობის დონეზე აიყვანოს ევროპა მსოფლიო პრობლემებთან მიმართებაში, ძნელი სათქმელია.

ბოლო პერიოდში ბევრი ექსპერტი პარალელებს ავლებდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდსა და საქართველოში ბოლო კვირებში შექმნილ სიტუაციას შორის. რეალურად არსებობდა ომის საფრთხე პენსის ვიზიტამდე ან ვიზიტის შემდეგ, რომელმაც, როგორც ვნახეთ, პუტინი სასწრაფოდ აფხაზეთში ჩაიყვანა?

- არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი ექსპერტებიც ფიქრობდნენ, რომ თუ ამერიკამ სანქციების ფონზე კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა და აღსანიშნავია, რომ სანქციები უმძიმეს მდგომარეობას უქმნის რუსეთის ეკონომიკას, გამორიცხული არ არის, რომ განაწყენებულმა რუსეთმა რომელიმე თავის მეზობელ ქვეყანაზე განახორციელოს თავდასხმა, იმისთვის, რომ თავის შიდა პოლიტიკაში ეკონომიკური პრობლემები ომით გადაფაროს - ასეთი მოსაზრება მთელ მსოფლიოშია.

რაც შეეხება 2008 წელს, ამ ფონზე პარალელები ძნელი გასავლებია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი, რომ თუ რუსეთს დაჭირდა კონფლიქტი, ეს უნდა იყოს სერიოზული ომი, რომელიც მისი მოსახლეობის ყურადღების მობილიზაციას გამოიწვევს. საქართველო ის ქვეყანაა, რომლის დაპყრობაზეც რუსეთს არ მგონია, ერთ კვირაზე მეტი დასჭირდეს. ანუ, საქართველოსთან ომი რუსეთს შიდა პრობლემებს ვერ მოუგვარებს.

გარდა ამისა, 2008 წლის მოვლენებისას, ჩემი მოსაზრებით, რუსეთს სურდა დასავლეთისთვის პასუხი გაეცა კოსოვოს აღიარებისთვის - საპასუხო აღიარება გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც აფხაზეთისა და „ოსეთის“ სახით - ეს მუქარა პუტინმა ღია ეთერში გაახმოვანა, ვიდრე ომს დაიწყებდა.

ანალოგიური პრობლემა, ანუ ისეთი, რომელზე პასუხიც საქართველოზე თავდასხმა იქნება რუსეთის მხრიდან, დღეისთვის არ არსებობს.

რაც მთავარია, დღეს საქართველოში არ არის სიტუაცია, ისევ რუსეთ-საქართველოს ომის გათვალისწინებით, რომელიც შექმნის ხიფათს, რომ საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგება - ის მწარე პროვოკაცია კარგად ახსოვს საქართველოს და მისი გამეორება თითქმის გამორიცხულია.

გარდა ამისა, 2008 წლამდე ისეთი მკაფიო განაცხადი, რომ ამერიკა თავის პარტნიორს არ მიატოვებს, არ მოგვისმენია - ყოველ შემთხვევაში არ იყო ისე მკაფიოდ გამოხატული, როგორც დღესაა და ასეთი განცხადებების ფონზე სავარაუდოა, რომ ასეთი მიმართულებით რუსეთი ნაბიჯების გადადგმას არ შეეცდება.

შეაჩერებს თუ არა თანადგომის ისეთი გამოხატულება, რაც ვიხილეთ პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, მცოცავი ანექსიის პროცესს რუსეთს მხრიდან? თეორიულად მაინც თუ არის ამ პროცესის შეჩერების შანსი?

- მეეჭვება, რადგან ამ საკითხში რუსეთი თავის ამოცანას საკმაოდ ჭკვიანურად ახორციელებს იმ მხრივ, რომ მცოცავი ანექსია ხორციელდება იმ ხაზის მიმართულებით, რა საზღვარიც მოხაზა თავის დროზე სააკაშვილმა - ანუ ამისი იურიდიული არგუმენტი მას აქვს.

გარდა ამისა, როგორც პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მცოცავი ანექსიის მიზანი არის, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაგვსვას; და თუ დაჯდები ამ მაგიდასთან, ეს თავისთავად ნიშნავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

შეიძლება თუ არა იმ სანქციებმა რაც რუსეთს დაუწესეს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცესი შეაჩეროს ისე, როგორც მთლიანობაში ცდილობს რუსეთის აგრესიის შეჩერებას დასავლეთი? - სავარაუდოა, რომ შეიძლება.

ჩვენ პირობებში გამოჩნდა კიდეც, რომ ეკონომიკური მეთოდებით შესაძლებელია რუსეთის აგრესიის შეჩერება - ბოლო ხანებში რუსეთმა შეამცირა, ზოგ შემთხვევაში გაანახევრა, ზოგ შემთხვევაში კი მესამედამდე დაიყვანა დაფინანსება ანექსირებულ რეგიონებში.

თუ სიტუაცია მივა იქამდე, რომ ეს დაფინანსებები კიდევ უფრო შემცირდება, ანუ თუ რუსულ აგრესიას ფინანსური რესურსი შეერყევა, მას ძალიან გაუჭირდება ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. ნელ-ნელა ასეთი პროცესები მიდის.

მაიკ პენსის საკმაოდ ხმამაღალი და მკაცრი განცხადებები რით დაგვეხმარება?

- ეს განცხადებები რუსეთის პოლიტიკაზე რეალურად გავლენას ვერ იქონიებს, დამთმობი რეაქცია რომ გამოხატოს, ეს იმპერიული სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი უკანდახევა იქნება და მისი პატივმოყვარეობა ამის საფუძველს არ იძლევა.

მაგრამ ეს განცხადებები გარანტიაა იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით არ ცადოს ნაბიჯების შემდგომი გაძლიერება - ეს უფრო გამაფრთხილებელი განცხადებებია, ვიდრე არსებული მდგომარეობის შეცვლისთვის განკუთვნილი.



ავტორი: for.ge