რა დახვდება პუტინს სოხუმში
ამობეჭდვა · 2017-08-08 00:40:00 · 562 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინს ელოდებიან და რუსეთის პრეზიდენტს იქ უკიდურესად მძიმე ვითარება ხვდება: რუსი ტურისტებისგან დაცარიელებული სანაპირო ზოლი და ჩავარდნილი საკურორტო სეზონი; სამხედრო ბაზაზე აფეთქება, რასაც 2 რუსი ტურისტი ემსხვერპლა, რამდენიმე ათეული კი საავადმყოფოში აღმოჩნდა; მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა, რუს ტურისტებზე თავდასხმა, გატაცება, დაყაჩაღება, მკვლელობაც კი.

სწორედ ამ ფონზე უწევს რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთში ჩასვლა და თან უკვე წინასწარ გაცხადებულია, რომ ეს სტუმრობა პასუხია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტსა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ დიდი მხარდაჭერის გამოცხადებაზე.

თუმცა, თუკი ამერიკის მეორე პირს საქართველო ბევრად წინ წასული და განვითარებული დახვდა, ვიდრე იყო 10 თუ 20 წლის წინ, პუტინი ჩადის მის მიერვე "დამოუკიდებლობანაჩუქარ" აფხაზეთში და ის ისევ ისეთი ხვდება, როგორიც 10 და 20 წლის წინ იყო. კრიმონოგენული ვითარებაც, გამოსწორების ნაცვლად, უკიდურესად მძიმდება და ადგილობრივები, მოსკოვის "მეგობრობა-მოკავშირეობის" მიუხედავად, რუსი ტურისტების მიმართ არაკეთილგანწყობასაც არ მალავენ.

რუსულ მედიაში უკვე იწერება, რომ რუსი ტურისტები აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ, წინასწარ ჯავშანებს აუქმებენ და საგზურების გაუქმების პროცესი გრძელდება.

"რია ნოვოსტი" წერს, რომ გუდაუთის სანაპირო ზოლი, მიუხედავად საკურორტო სეზონისა, დაცარიელდა. ტურისტების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი 2 აგვისტოს მომხდარი აფეთქება გახდა, რომლის დროსაც დაიღუპა 2 რუსი ტურისტი და დაშავდა 64. დე ფაქტო აფხაზეთის სტატისტიკით, 2016 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა განახევრებულია.

"გასულ წელს ტურისტები უფრო ბევრი გვყავდა, წელს ნაკლებია. ამის მიზეზი ალბათ თურქეთის "გახსნა" გახდა", - ამბობს ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი.თუმცა არა მარტო თურქეთის "გახსნა", არამედ გუდაუთაში აფეთქება და კრიმინოგენული ვითარების გამწვავება გახდა რუსებისგან აფხაზეთზე უარის თქმის მიზეზი. აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ის მონაცემებით, დანაშაულის სტატისტიკა ძალიან გაზრდილია და თუკი გასულ წელს სს შემთხვევა იყო 298, წელს 7 თვეში უკვე 400-მდეა, მათ შორის, გაზრდილია რუს ტურისტებზე თავდასხმაც.

"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით, აფხაზეთში დასასვენებლად ჩადის რუსების დაბალშემოსავლიანი სეგმენტი, რომელსაც შესაძლებლობა არ აქვს, ევროპასა და თურქეთში დაისვენოს. ამიტომ აფხაზური ტურიზმისადმი ინტერესი მინიმალურია.

"აფხაზეთში ტურისტის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება ძალიან უხეშია. ვინც წინა წლებში აფხაზეთში ჩავიდა, ნახა, რომ არამეგობრული გარემო იყო და შემდეგ ეს ინტერნეტში დაწერეს.

"ტურისტების დაყაჩაღებით აკეთებენ აფხაზები ფულს და ასეთი ფაქტები ყოველ წელსაა. ამიტომაც ყველაზე მთავარი პრობლემა კრიმინალის ზრდაა. წელს პიკი იყო, როდესაც რუსი ტურისტები გაიტაცეს და ერთი მოკლეს," - მიიჩნევს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ამ ფონზე ჩადის პუტინი აფხაზეთში და მას ორი მიზანი აქვს შესასრულებელი: ერთი - აშშ-ს გაუგზავნოს მესიჯი, რომ აფხაზეთი არის მისი გავლენის სფერო და მეორეც - რამენაირად დაარეგულიროს აფხაზეთში რუსების მიმართ არაკეთილგანწყობა.

"იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნურად მოხდა სიტუაციის გაუარესება, რათა რუსეთის მიერ ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნის აუცილებლობას ხაზი გაესვას და რუსეთმა აფხაზეთი მაქსიმალურად აკონტროლოს," - ამბობს ცქიტიშვილი.

პოლიტოლოგის თქმით, ის, რომ აფხაზეთი ვერ განვითარდა, კანონზომიერია.

"სადაც აშშ-ის სერიოზული ინტერესებია, იმ ქვეყნებში აშშ ცდილობს, განვითარების ელემენტები შეიტანოს, თუნდაც დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების მხრივ, ხოლო სადაც შედის რუსეთი, იქ განვითარება არ არის. იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესია ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური ლოიალობის მოპოვება არა მათ განვითარების გზით, არამედ მინიმალურ ფასად.

"რუსეთი აფხაზეთს არ განავითარებს, რადგან ძალიან დიდი ფული ჩადო სოჭის განვითარებაში და სოჭთან არ შექმნის ისეთ ტერიტორიას, რომელიც უფრო განვითარებული, უფრო მიმზიდველი იქნება და სწორედ რუსეთს დააკარგვინებს გარკვეულ თანხას.

"პუტინის მთავარი ინტერესი ისაა, რომ რუსულ ბაზებს არ შეექმნას ხიფათი. რადგან ახლა გაუარესდა სიტუაცია, გაჩნდა შეძახილები რუსეთის საწინააღმდეგოდ, უკვე კლავენ რუსებს, ერთი მოკლეს, მეორე გააუთოვეს, ეს რუსეთის გულისწყრომას იწვევს, რადგან მათი ბაზების ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ამის დარეგულირებას შეეცდება პუტინი," - მიიჩნევს ცქიტიშვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია ამბობს, რომ ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, 8 აგვისტოს ჩავა თუ არა რუსეთის პირველი პირი სოხუმში. ამბობს, რომ აფხაზეთის მძიმე მდგომარეობა პუტინს არ აინტერესებს, პირიქით, რუსეთის პოლიტიკა სწორედ ისაა, რომ აფხაზეთი არ განვითარდეს და მუდმივად რუსეთზე დამოკიდებული იყოს.

"პუტინის ჩასვლის მესიჯი აშშ-ის მიმართულებითაა, თუ საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩადის და აშშ საქართველოს პარტნიორია, აფხაზეთის პარტნიორია რუსეთი და არაფრის დათმობას არ აპირებენ.

"პუტინს არ აინტერესებს, როგორი აფხაზეთი დახვდება მას, აფხაზი ხალხი როგორ ცხოვრობს, საერთოდ არ აინტერესებს. მას აინტერესებს ტერიტორია და რაც ნაკლები აფხაზი იქნება იქ, ეს პუტინისთვის უკეთესია, მით მეტ რუსს შეიყვანს და დაასახლებს.

"ამიტომაცაა, რომ რეალურად აფხაზეთში რაც შენდება, ეს მხოლოდ რუსული ბაზებია, 30-მდე ავიდა რუსული ბაზა," - აღნიშნავს დავითაია.



ავტორი: "რეზონანსი"