აფხაზეთში ანტირუსული განწყობის ზრდას ვერც პუტინმა აუარა გვერდი
ამობეჭდვა · 2017-08-10 00:40:00 · 888 ნახვა

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მთავარი განცხადება იყო, რომ ის საიმედოდ უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. თანაც, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უსაფრთხოებაზე საუბრისას აქცენტი მარტო საქართველოსგან აფხაზების "დაცვა" კი არ ყოფილა, არამედ საკუთარი მოქალაქეების, რუსი ტურისტების აფხაზი კრიმინალებისგან დაცვაც.

აფხაზეთში იმდენად მაღალია რუსი ტურისტების მიმართ არაკეთილგანწყობა და ყაჩაღობა-თავდასხმა, რომ პუტინმაც კი ვერ აურა გვერდი ამ პრობლემას მთავარ განცხადებაში.

რუსი ტურისტების უსაფრთხოებაზე მოუწია საუბარი რუსეთის პრეზიდენტს იმ რეგიონში, რომელსაც თავად რუსებმა აჩუქეს "დამოუკიდებლობა" და თან იქ სწორედ იმ მიზნით ჩავიდა, რომ ნიშნის მოგებით ესაუბრა დასავლეთისთვის და ეჩვენებინა, რომ ეს ტერიტორია მისი გავლენის ქვეშაა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში ჩასვლა დაიგეგმა თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისათვის საპასუხოდ და თუკი მაიკ პენსმა რუსეთს ხისტი მესიჯი გაუგზავნა, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია და წითელი ხაზების გადაკვეთას არ აპატიებს არავის, პუტინმა დემონსტრაციულად სწორედ 8 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, დაგეგმა სოხუმში ჩასვლა დასავლეთისთვის საპასუხო გზავნილად, რომ აფხაზეთი მისი გავლენის სფეროა.

როგორც დაანონსებული იყო, პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აგვისტოს ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ვიზიტის შესახებ სტატიების სათაურებში გამოტანილი იყო აქცენტი, რომ პუტინი ჩავიდა აფხაზეთში 5-დღიანი ომის დაწყების წლისთავზე. შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართა.

"სასაუბრო ბევრია, თუმცა მთავარი ის არის, რომ აფხაზეთთან ჩვენ სრულიად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება", - ეს იყო პუტინის პირველი განცხადება.

მან ასევე თქვა, რომ "რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივმა მუშაობამ უნდა აამაღლოს ტურისტების უსაფრთხოება რესპუბლიკაში."

რამდენად მაღალია სოხუმში ანტირუსული განწყობა? კონფლიქტოლოგები საუბრობენ, რომ პრობლემა უფრო და უფრო აშკარა ხდება.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკა თითქმის არავის არ მოსწონს, თუმცა მმართველი სეპარატისტები ამას ეგუებიან. მათ რუსებისგან აქვთ თანამდებობები თუ ფინანსური ნაკადები, ამიტომაც ამ განწყობას ღიად ვერ გამოხატავენ. ანტირუსულ განწყობას ძირითადად ძველ მეომართა ნაწილი და რიგითი მოსახლეობა გამოხატავს, ისინი, ვისთანაც რუსული დაფინანსება არ მიდის და რუსებისგან პირად ხეირს ვერ ხედავენ.

ის ამბობს, რომ კრიმინალის ზრდასაც აფხაზები რუსეთს აბრალებს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა რუსებს უნდა მოეგვარებინათ და რუსების მიმართ უკმაყოფილებას და არაკეთილგანწყობას პირად საუბრებში არ მალავენ.

მისი თქმით, რუსი ტურისტების მიმართ აფხაზების არაკეთილგანწყობა ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ბოლო დროს კრიმინალმა უფრო იმატა, ესაა ტურისტების დაყაჩაღება, ძარცვა, აგდებული დამოკიდებულება, მკვლელობაც კი.

"ვერ ვიტყვით, რომ ანტირუსული განწყობის ადამიანები აფხაზეთში უმრავლესობა არ არის, მაგრამ ღიად ამას ვერავინ ამბობს, მათ ამის გამჟღავნების ეშინიათ. სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე ეს განწყობა ჩანს. ანტირუსული განწყობა იყო ყოველთვის, მაგრამ ახლა სიმძაფრემ მოიმატა. ამ დამოკიდებულებაზე წერს რუსული მედია და სეპარატისტების რუსების მიმართ განწყობას ძალიან აკრიტიკებენ. პუტინმა კარგად იცის, რა ხდება აფხაზეთში, მაგრამ ამის ღიად გამოხატვას იქ არავინ ბედავს და ამ საკითხის ქუჩაში ხმამაღალ პროტესტად გამოტანაც არ მოხდება. ამას პუტინიც არ დაუშვებს და ამ საკითხის მოსაგვარებლადაც ჩავიდა ის ხაჯიმბასთან. მთელი აფხაზი სეპარატისტები ფიანდაზად გაეგებიან ახლა პუტინს და შეეცდებიან, დაარწმუნონ, რომ ეს კრიმინალი და რუსი ტურისტების დევნა ერთეული შემთხვევაა და არა ანტირუსული განწყობის საერთო სურათი," - აღნიშნავს კიკნაძე.

"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით, თავიდანვე აშკარა იყო, რომ პუტინს ამ ვიზიტისას სამი მიზანი ჰქონდა: პირველი, კრიმინოგენული სიტუაცია, განსაკუთრებით რუს ტურისტებთან მიმართებით; მეორე - ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი და მესამე - რუსეთის ინტერესების პოლიტიკური ხაზგასმით საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტზე პასუხი. მისივე აზრით, ამ ვიზიტმა სამივე ეს მესიჯი დაადასტურა.

ცქიტიშვილის თქმით, რადგან ანტირუსული განწყობა არის მიმდინარე აქტუალური საკითხი, შესაბამისად, ამ საკითხზე მოახდინა პუტინმა კონცენტრირება. თუმცა პუტინმა ამ განცხადებით ის კი არ აღიარა, რომ აფხაზეთში რუსები არ უყვართ, არამედ აღიარა, რომ არსებობს გარკვეული დაძაბულობა და რთული კრიმინოგენული სიტუაცია, რომელსაც ისევ რუსები მოაგვარებენ.

რატომ არ უყვართ აფხაზეთში რუსები, ამაზე ცქიტიშვილის პასუხია, რომ აფხაზები თავიანთ სიღარიბეს რუსების დაფინანსების სიმცირეს აბრალებენ.

"აფხაზეთში რუსები არასდროს ეხატებოდათ გულზე და ეს დამოკიდებულება უფრო გამძაფრდა სრული უფულობისა და სრული უპერსპექტივობის ფონზე. რაც უფრო მეტად უჭირს ეკონომიკურად რუსეთს, ეს აფხაზეთს მით უფრო მეტად ურტყამს - რუსული დაფინანსება მცირდება, მით უფრო გაჭირვებული ხდება ადგილობრივი აფხაზი და მით უფრო ცდილობს, მათზე მეტად შეძლებულ რუს ტურისტს რაც შეიძლება მეტი წაართვას. აფხაზები ყოველთვის აცხადებენ, რომ ყველას, მათ შორის რუსებს, მათი ვალი აქვთ, რომ არა აფხაზები, რუსეთის საზღვართან ნატო-ს ჯარები იდგებოდა. აცხადებენ, რომ რუსული ბაზებია მათ ტერიტორიაზე განთავსებული და რუსეთიდან წამოსული დაფინანსება ბევრად მცირეა, ვიდრე ამ ბაზების საფასური უნდა გადაეხადათ რუსებს," - დასძენს ცქიტიშვილი.



ავტორი: "რეზონანსი"