სამთავრობო ცვლილებების "ლოგიკური აუცილებლობა"
ამობეჭდვა · 2017-08-15 00:19:00 · 436 ნახვა

წინასაარჩევნოდ რეგიონებში დაწყებული საკადრო გადაადგილების შემდეგ, შესაძლოა, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. დღეს მმართველ გუნდში ამაზე ღიად არავინ საუბრობს და მიაჩნიათ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. თუმცა გაზაფხულზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებები ზაფხულში უნდა განხორციელდეს, რადგან ამის ლოგიკური აუცილებლობა არსებობს. კონკრეტულად რას გულისხმობს ამაში, უცნობია. "მთელმა კვირამ" მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, პრემიერი სამთავრობო ცვლილებებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, არჩევნებამდე 1 თვით ადრე განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. გაზაფხულზე ასევე პოსტიდან გადადგა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი. სწორედ მაშინ განაცხადა ქუცნაშვილმა, რომ ზაფხულში სიახლეები მთავრობაშიც იქნებოდა.

"პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეს, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც.

"ამაში ლოგიკას და სისწორეს ვხედავ. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს, განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ. სამთავრობო ცვლილებებიც პარლამენტის მიღმა არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდულობით პრემიერ-მინისტრს სუსტი რგოლების გაძლიერების თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც, პირველ რიგში, საკადრო ცვლილებების მიღებაში გამოიხატება და რაც მისი გადასაწყვეტია, სუსტად რომელ რგოლს მიიჩნევს და რომელს - ძლიერად", - განაცხადა მაშინ ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე კი მიიჩნევს, რომ ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს და ეს პარლამენტის პრეროგატივაში არ შედის. შესაბამისად, რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

"მინისტრების შეცვლა მთლიანად კვირიკაშვილის პრეროგატივაა. ასე რომ, ამ საკითხზე ინფორმაციას არ ვფლობთ. მე პირადად რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველოდები. ჩემი აზრით, ყველა მინისტრი მაქსიმალურად შრომობს თავის პოსტზე. ასე რომ, ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ვფლობ და არც მოსალოდნელად მიმაჩნია", - გვითხრა გუგული მაღრაძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, არჩევნებამდე 1 თვით ადრე განახორციელებს.

"რეგიონებში ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს პირდაპირ მომავალ არჩევნებთან, რადგან რეგიონებში "ქართული ოცნების" მმართველობისადმი უკმაყოფილება გაცილებით დიდია, ვიდრე თბილისში. ახალი ხელმძღვანელობა კი საზოგადოებაში რაღაც იმედს აღვივებს.

"რაც შეეხება მინისტრებს, კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები შეიძლება უკანასკნელ მომენტში და უკიდურეს შემთხვევაში განახორციელოს. მაგალითად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, თუ დაინახა რეიტინგის მკვეთრი ვარდნა.

"მინისტრების შეცვლა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ჩვენი პრემიერი კი მაინცდამაინც მტკიცე ნებისყოფით და პოლიტიკური ნებით არ გამოირჩევა. იგი დინებას მიმყოლი ადამიანია. თან, რა აზრი აქვს სამთავრობო ცვლილებებს?!

"ყველაზე არაპოპულარულ მინისტრს - ჯეჯელავას არ შეცვლის, მისი კადრია. უფრო მეტიც, ახლა ვიცე-პრემიერადაც მოიყვანა.

"ეკონომიკის მინისტრსაც ვერ შეცვლის, რადგან ეს ივანიშვილის პრეროგატივაა.

"ჯანდაცვის მინისტრს ვერ შეეხება, რადგან მთავრობაში თუ ვინმე მუშაობს, რაღაცას აკეთებს და საზოგადოების ნდობა აქვს, ეს სერგეენკოა.

"შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კი გინდ შეუცვლია, გინდა - არა. მისი ყოფნა-არყოფნა არაფერს შეცვლის, ასევეა სპორტის მინისტრი.

"თანაც საშინელი საკადრო შიმშილია ქვეყანაში. კვირიკაშვილს და "ოცნებას" სათადარიგოდ ძალიან მოკლე სკამი აქვთ", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ცინცაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი რეგიონებში საკადრო წმენდას ლოგიკურს უწოდებს, ხოლო ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.

"არ მგონია, რომ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს და ეს თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირდეს. გუბერნატორების გათავისუფლება კი გასაგებია - ისინი უშუალო შეხებაში არიან და ასოცირდებიან ადგილობრივ მმართველობასთან. ამიტომ ადგილობრივ არჩევნებზე მათი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება.

"რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, აქ, არ მგონია, რაიმე პრობლემა იყოს, იმიტომ, რომ მინისტრები თვითმმართველობის არჩევნებზე წინა პლანზე არ არიან წამოწეული. სხვა საკითხია, თუ ვინმეს მათი გათავისუფლება უნდა და ამას გამოიყენებს. მაგრამ მე პირადად სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ", - გვითხრა ძაბირაძემ.



ავტორი: "რეზონანსი"