"ძალიან უჭირთ, შემოსავალმა იკლო" - აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა
ამობეჭდვა · 2017-08-16 13:52:00 · 291 ნახვა

აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა. ამის მიზეზი იქ არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა და ფასების ზრდა გახდა. როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, ტუროპერატორების მონაცემებით, სასტუმროებზე ტურისტების მოთხოვნამ 15-20%-ით იკლო, ხოლო, მთლიანობაში, გასულ წელთან შედარებით, აფხაზეთში დამსვენებლების რიცხვი 30%-ით შემცირდა (ზოგიერთი ცნობით, 80%-ითაც კი).

ტურისტული სეზონის დასაწყისში ფასების ახალი პოლიტიკა შემუშავდა, რათა დაბალ ფასებს ტურისტები ისევ მიეზიდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

რუსეთის სტატისტიკის უწყების - როსსტატის მონაცემებით, 2016 წელს აფხაზეთს რუსეთის 4 მილიონი მოქალაქე ესტუმრა, მაგრამ ტურისტების რაოდენობა 1,5 მილიონი იყო (კიდევ 1 მილიონი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთდღიანი ექსკურსიით ჩავიდა).

რაც შეეხება აფახეთში კერძო ბინების დაქირავებას, მსურველთა რაოდენობა 40-80%-ით შემცირდა.

ამ პრობლემის გამოსაკვლევად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელსაც მიმდინარე წლის სეზონზე ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ვარდნის მიზეზები უნდა შეესწავლა და არსებული სიტუაციის გამოსწორების გზებზე ემუშავა.

ექსპერტების შეფასებით, ტურისტების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მომსახურებისა და ფასების შეუსაბამობა იწვევს, რასაც ახლა კრიმინალის ზოგადი მაჩვენებელიც დაემატა."აფხაზეთში ინფრასტრუქტურა არც ისე გამართულია, რაც მოწესრიგებულია - ძვირია. ტურისტების ვიზიტი განპირობებული იყო იმით, რომ შედარებით დაბალი ფასები იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ამბობენ, რომ ფასები და სერვისი მაინც შეუსაბამოა, რასაც ემატება ზოგადი კრიმინალის დონე.

"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აფხაზეთი ბევრს არაფერს აწამოებს და ძირითადი შემოსავალი (თუ რუსეთიდან შემოსულ ფულს არ ჩავთვლით) ტურისტებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება მის ეკონომიკაზე," - აცხადებს "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი მინისტრის - ლევან კიკნაძის აზრით კი, ტურისტული სეზონის ჩავარდნა აფხაზეთში სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს.

"ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ტურისტებს აფხაზეთისთვის. ეს კერძო სექტორისთვის თუ ადგილობრივებისთვის იყო დამატებითი შემოსავალი და წარმოიდგინეთ, როდესაც ტურისტები შემცირდებიან, რა დღეში ჩავარდება ეს ხალხი. განსაკუთრებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი, ვინც ტურისტულ სეზონზე იყვნენ ორიენტირებულნი," - აცხადებს ლევან კიკნაძე.

რაც შეეხება კრიმინალის მაღალი მაჩვენებლით გამოწვეულ ტურისტების ნაკლებობას, აფხაზეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია აცხადებს, რომ აფხაზებს თავდასხმის ობიექტად ტურისტებიღა დარჩათ, რადგან იქ ქართველები აღარ არიან.

"აფხაზეთისთვის ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, მით უფრო, რომ ტურისტული სეზონი მათ, ფაქტობრივად, ჩაუვარდათ. ამ მიმართულებით ძალიან უჭირთ, შემოსავალმა იკლო, იქ ქართველები აღარ არიან, გალის ტერიტორიაზე კი იმდენი რუსი სამხედრო დგას, მათთან ყაჩაღური დაჯგუფებები ვერაფერს შვრებიან. შესაბამისად, ტურისტების სეგმენტიღა დარჩათ. აფხაზები არ არიან შრომისმოყვარე ხალხი," - აცხადებს პაატა დავითაია.

მისივე თქმით, აფხაზები გაღიზიანებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ რუსები კარგი მანქანებით დადიან, ტურისტები ფულს ხარჯავენ და ა.შ. ამიტომ ზოგიერთ ჯგუფს ისღა დარჩენია, მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს.



ავტორი: www.resonancedaily.com