სამშენებლო კომპანიების 25% გაკოტრდა!
ამობეჭდვა · 2017-08-17 00:39:00 · 348 ნახვა

ბოლო 7 წელიწადში სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა - ის ფირმები, რომელთაც ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს. მართალია, დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა, თუმცა ნაწილი საბოლოოდ გაბანკროტდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ბაგები სითი ჯგუფის" გაკოტრების პროცესი დაიწყო. უფრო ადრე იგივე ბედი ეწია "ცენტრ პოინტს", თუმცა მობინადრეების წინაშე არანაკლები ბრალი მიუძღვით დანარჩენებსაც - "ევორდს", "ოლიმპიურ ვარსკვლავს", "მოდულს", "ივერია სითის", "იბერიას", სამშენებლო კომპანია "ავტობანს", "ლიბოს", "თბილისს", "მაგი სტილს", "წავკისის ველს" და სხვა, რომელთა მაქინაციურ სქემებზე "რეზონანსი" ინტენსიურად წერდა. ცხადია, გაცილებით მეტია მცირე კომპანიები ანდა ამხანაგობები, რომელთა საქმიანობა, მინიმუმ, ორ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსს და ასეულობით დაზარალებულს ითვლის.

ზუსტი რაოდენობა, რამდენმა კომპანიამ ვერ შეძლო საქმიანობის გაგრძელება, უცნობია. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების ინფორმაციით კი, კომპანიების დაახლოებით 20%-მა ეკონომიკური კრიზისის თუ სხვა მიზეზის გამო მუშაობა შეაჩერა.

სამშენებლო ბიზნესში არსებულ პრობლემას უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს.

"სამშენებლო ბაზარზე მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ერთხელ უკვე დაკარგული პოზიციის აღდგენა ვერ შეძლეს და საბოლოოდ გაკოტრდნენ. ჩემი აზრით, კომპანიების დაახლოებით 20-25% გაუქმდა, ხოლო დანარჩენებმა პრობლემას მეტ-ნაკლებად გაართვეს თავი და სამშენებლო საქმიანობა განაგრძეს. ცხადია, ზოგიც ახალი გამოჩნდა, სიტუაცია მუდმივად იცვლება.

რამდენიმე წლის წინ ომი იყო და მსოფლიო კრიზისი, რამაც ხალხს 2/3-ით გაუნახევრა შემოსავალი. მდგომარეობის გამოსწორებას წლები დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ახლაც არის პრობლემები. როგორც ცნობილია, "ცენტრ პოინტი" საერთოდ გაკოტრდა, მისი ბედი გაიზიარა "ბაგები სითი ჯგუფმაც". კომპანიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება ყოველთვის მენეჯმენტის პრობლემაა. ხშირია შემთხვევა, როცა ხარჯავენ იმაზე მეტს, რაც მოგება აქვთ. რატომღაც ფიქრობენ, რომ წინ წავლენ, განვითარდებიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მცირე პრობლემასთან გამკლავებაც უჭირთ", - ამბობს ფალავანდიშვილი.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ სამშენებლო ნებართვის გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა მდგომარეობას საგრძნობლად გამოასწორებს.

"დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ გათვლას, რაც კომპანიის წარმატება-წარუმატებლობას განაპირობებს. ამ მხრივ სიტუაცია არც ისე სახარბიელოა. უმეტეს შემთხვევაში კომპანიების გაკოტრების მიზეზი არასწორი გათვლაა, რისი პრობლემაც თითქმის ყველა ქვეყანაშია. ამერიკაშიც კი კომპანიებს აშენებული ქალაქები დაუნგრევიათ, რისკისგან არავინაა დაზღვეული.

იგივე დაემართა "წავკისის ველს", რომელმაც მასშტაბური პროექტი დაიწყო, მაგრამ ვერ განვითარდა. მიუდგომელ ადგილებში მშენებლობა რისკს შეიცავს. ბოლო დროს ძალიან გართულდა მშენებლობის ნებართვის აღება, რაც ვითარებას ბევრად გააუმჯობესებს. არ მგონია, ბაზარი გაჯერდეს. ძალიან ბევრის აშენებაც თავისთავად სარისკოა, როცა ხალხს არ აქვს ფული", - დასძენს გურამ ფალავანდიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამშენებლო ინსპექცია" წელიწადზე მეტი ხნის წინ დაარსდა. მისი მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და დაზარალებულთა ბაზის შექმნაა. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამაზ ედიშერაშვილი განმარტავს, რომ ზუსტი სტატისტიკა უძრავი ქონების ბაზრის გაკოტრებული კომპანიების შესახებ არ აქვთ. არც დაზარალებულთა რაოდენობაა ცნობილი, რადგან აქამდე ამ მხრივ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.

უძრავი ქონების ბაზრის დამცავი მექანიზმი, როგორც ასეთი, ქვეყანას არ გააჩნდა და ეს პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. შესაბამისად, დიდია რისკიც.

"მსხვილ კომპანიებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენიმე ათეულს აღწევს ისეთი კატეგორიის მშენებელთა რაოდენობა, რომლებიც, მინიმუმ, ერთ კორპუსს მაინც აშენებდნენ, არ გამოუვიდათ და თავი მიანებეს. ამასობაში კი მოქალაქეები დაზარალდნენ. კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მშენებლობის ხარისხი, ტექნოლოგია, კომპანიის ავტორიტეტი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.

უამრავი კორპუსი დღეს თბილისში, ფაქტობრივად, წყალში დგას, მაგრამ ხალხი ცხოვრობს. ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. წარმოდგენაც კი მიჭირს, იმდენად დაუცველია დღეს უძრავი ქონების ბაზრის მომხმარებელი.

საქმე არ ეხება მხოლოდ 2-3 კომპანიას, საკმაოდ ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება დაგროვდა ქვეყნის მასშტაბით. ახლა თითქოს რაღაც ძვრა შეინიშნება, მაგრამ თუკი ეს საქმეები გამოძიების იმედად დარჩა და სახელმწიფო ზრუნვის საგნად ვერ იქცა, მაშინ პრობლემები გარდაუვალია", - აცხადებს ედიშერაშვილი.

არ არის გამორიცხული, რომ "ცენტრ პოინტის", "ევორდის", "ბაგები სითი ჯგუფის" და სხვათა ბედი კიდევ რამდენიმე სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ გაიზიაროს. გენპროკურატურაში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ დაზარალებულების მხრიდან უწყებაში არაერთი განცხადებაა შესული, რაზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.



ავტორი: "რეზონანსი"