თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი არჩევნებამდე 2 თვით ადრე
ამობეჭდვა · 2017-08-18 00:20:00 · 381 ნახვა

არჩევნებამდე 2 თვით ადრე პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები ცნობილი არ არის, თუმცა დაპირისპირებული ბანაკები ერთმანეთს უკვე ხმამაღლა ადანაშაულებენ სოციოლოგიური კვლევებით მანიპულაციაში. მართალია, ყველა კვლევაში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახი კალაძე უალტერნატივო ლიდერია, თუმცა თუ მეორე ტურზე მიდგა საქმე, მაშინ სიტუაცია უკვე გაურკვეველია. პოლიტოლოგთა ნაწილი მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევს, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთ სოციოლოგიურ კვლევებს პერიოდულად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ("ენ-დი-აი") და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ("აი-არ-აი") აქვეყნებენ.

ენ-დი-აის ბოლო კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს, კახა კალაძეს ("ქართული ოცნება") აქვს 30%, ალეკო ელისაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 19%, ზაალ უდუმაშვილს ("ნაციონალური მოძრაობა") - 18%, ელენე ხოშტარიას ("ევროპული საქართველო") - 5%, არ იცის 12%-მა და პასუხზე უარს ამბობს 4%.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ შიდა კვლევა "ქართულმა ოცნებამაც" ჩაატარა, თუმცა პროცენტული მონაცემები და პოლიტიკური სურათი განსხვავებულია. ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში პირველი ადგილი უჭირავს კახა კალაძეს, თუმცა თუ "ენ-დი-აი"-ს კვლევაში მას 30% აქვს და მეორე ტურის ალბათობა დიდია, "ოცნების" შიდა კვლევაში - 40%-მდე აქვს და მეორე ტურის გარდაუვალობა არ იკვეთება, რადგან ოპოზიცია სერიოზული კონკურენციისათვის საკმარის ხმებს ჯამურადაც ვერ აგროვებს.

ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის კომპანია "ფსიქოპროექტი" მმართველი ძალისთვის შიდა კვლევებს ატარებს, ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ მათაც ჩაატარეს "ქართული ოცნებისთვის" კვლევა და პირველ ადგილზე გავიდა კახა კალაძე 40%-მდე მხარდაჭერით, მეორე ადგილი დაიკავა ზაალ უდუმაშვილმა, ხოლო ელისაშვილისა და ხოშტარიას პროცენტები დაახლოებით ერთნაირი იყო.

გარდა ამისა, ბიგვავა ამბობს, რომ მათ კვლევაში ოპოზიციის პროცენტების საერთო ჯამი კალაძის მაჩვენებელს არ აღემატებოდა და თან, მათი კვლევით, მეორე ტურის ალბათობა მინიმალური იყო, რადგან მეორე არჩევანის შემთხვევაში უმეტესობა "ოცნებას" უჭერდა მხარს.

ბიგვავა, ასევე, საუბრობს, რომ მათ პარტიების რეიტინგიც გამოიკვლიეს და პირველ ადგილზე გავიდა "ოცნება", მეორეზე - "ნაციონალები", მესამეზე - "ევროპული საქართველო", ბარიერს გადალახავენ "პატრიოტთა ალიანსი" და ალბათ ლეიბორისტებიც.

იგი ამბობს, რომ მისთვის გასაკვირი იყო, მაგრამ "ნაციონალებს" "ევროპული საქართველო" მხოლოდ ძალიან მცირედით ჩამორჩებოდა.

"ნდობის რეიტინგი შევადგინეთ, კალაძე პირველ ადგილზეა და მისი რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველა დანარჩენის. მეორე ადგილზე ელისაშვილის ნაცვლად უდუმაშვილია. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ვერ აჭარბებდა კალაძის რეიტინგს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრი იყო, 30%-ზე მეტი. ამ კვლევამ არ აჩვენა, რომ მეორე ტური იქნება თბილისში, კალაძეს აქვს შანსი, პირველსავე ტურში მოიგოს. კვლევისას არსებობს ალოკაციის მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ის ხალხი, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს არჩევანი, საით გადაიხრება. ჩვენი კვლევით, გადამწყვეტად დიდი პროცენტი სახელისუფლებო კანდიდატებისკენ გადაიხრება. როცა ვეკითხებოდით, იმისდა მიუხედავად, თქვენ ვის აძლევთ ხმას, თქვენი აზრით, რომელი პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, 62% ამბობდა, რომ "ოცნების" კანდიდატები," - გვითხრა ბიგვავამ.

მისივე თქმით, თბილისში მეორე ტური რომც შედგეს, ოპოზიცია მაინც ვერ გაერთიანდება.

"პარადოქსად არ მიიჩნიოთ და კალაძისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ელენე ხოშტარია, უდუმაშვილსა და ელისაშვილს კი ადვილად მოუგებს," - დასძენს ბიგვავა.

იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმაჯვებს, სოციოლოგი რამაზ საყვარელიძეც პროგნოზირებს.

"მიუხედავად იმისა, რომ "ენ-დი-აის" მიმართ კრიტიკული ვიყავი, ამ შემთხვევაში რაღაც პარალელური კვლევები ვიცი და დაახლოებით იგივე შედეგებია. აქედან გამომდინარე, მათი შედეგები სანდოა, ოღონდ ამ მომენტისთვის. ცხოვრება დინამიკურია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ კალაძე უფრო აქტიურობს სოციალურ ქსელებში თუ ეკრანზე, ვიდრე მისი კონკურენტები. მედიააქტიურობა კი რეიტინგს ყოველთვის ზრდის.

"მე მგონი, პარტიებიც იმიტომ არიან გაჩუმებულები, რომ ელოდებიან სექტემბერს. ვნახოთ, თითოეული რას შემოგვთავაზებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, მგონია, რომ თბილისის მასშტაბით კალაძე ნომერ პირველი კანდიდატია, ხოლო მეორე ადგილზე ელისაშვილი გავა.

"ამ მონაცემებით, 50%-მდე კალაძეს 20% აკლდება. უფრო მეტი აკლია ელისაშვილს. არ არის ეს ისეთი დისტანცია, რომლის გადაფარვა შეუძლებელი იყოს კარგი საარჩევნო კამპანიის პერიოდში. თანაც კალაძემ განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა პირველსავე ტურში მოიგოს. ჩემი აზრით, ეს არ იქნება უბრალო სიტყვები. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მათ კონკურენტი ჰყავთ დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას ასე მიუშვებენ, როგორც წინა არჩევნებზე ნარმანიამ გააკეთა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძე.



ავტორი: "რეზონანსი"