ახმეტის გამგებელი „ბახტრიონი რიზორთის“ განვითარებაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს
ამობეჭდვა · 2017-08-18 00:40:00 · 338 ნახვა

ახმეტაში სამშენებლო კომპანია White Group-ის მიერ მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მიწასთან დაკავშირებული პრობლემის შექმნას ეხებოდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი პასუხობს. ბექა ბაიდაურის მტკიცებით, 2015 წელს კომპანიის წარმომადგენლები სოფელ ხორბალოს მიმდებარე ტერიტორიაზე 80 ჰექტარი მიწის გადაცემას სიმბოლურ ფასად ითხოვდნენ. გამგებლის განმარტებით, კომპანიის არ წარმოუდგენიათ კონკრეტული პროექტი, რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა.

 

,,2015 წელს ჩემთან მოვიდა 2 პირი, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდოდათ სასტუმროს კომპლექსის, თვითმფრინავის დასაფრენი ბილიკის, ვენახის, მარნის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. მე ეს იდეა ძალიან მომეწონა. მათ მითხრეს, რომ სჭირდებოდათ 80 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად. ეს ყველაფერი იყო იდეის დონეზე და ჩემთვის ნაკლებად დასაჯერებელი იყო, სანამ პროექტს არ წარმოადგენდნენ. ვუთხარი მიემართათ ეკონომიკის სამინისტროსთვის და მას მოეთხოვა მიწების პრივატიზება, რასაც თან დაერთვებოდა, რა იგეგმებოდა ამ მიწაზე და რა ინვესტიცია ჩაიდებოდა.

 

 ამის შემდეგ 1 წელი გავიდა, როდესაც ეკონომიკის სამინისტროდან მოვიდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ინვესტორი ბახტრიონის ტერიტორიაზე 150 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. იმ ტერიტორიაზე არის გაშენებული კაკლის პლანტაციები, რომელიც ძალიან ძვირია. ის თანხა არის მინიმალური, რაც მითითებული იყო და ამიტომ თავი შევიკავე. მივწერე საპასუხო წერილი, რომ ხელახლა გაიმართოს შეხვედრა და ინვესტორმა წარმოადგინოს კონკრეტული პროექტი, რის გაკეთებას აპირებს და რა რაოდენობის ინვესტიციას ახორციელებს’’, – განუცხადა Knews.ge–ს ბექა ბაიდაურმა.

 

„ბახტრიონ რიზორთის“ განვითარებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის White Group-ის დირექტორის, გიორგი გონჯილაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ახმეტაში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო კომპლექსი „ბახტრიონი რიზორთი უნდა აშენებულიყო, გამგეობის მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორი ჯგუფმა, თქვა უარი.

 

ორიოდე კვირის წინ გიორგი გონჯილაშვილი „კომერსანტთა“ საუბრისას აცხადებდა, რომ  პროექტის განხორციელებაზე ინვესტორებთან  კომუნიკაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან  გაუგებრობის აღმოფხვრის შემდეგ განახლდება. მაშინ გონჯილაშვილი განმარტავდა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ სექტემბერში „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა  პრობლემა მოგვარდება და  მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდება კომპანია White Group-ი ინვესტორებისთის  აღნიშნული კომპლექსის შეთავაზებას.

 

 „მივხვდით, რომ მანამდე აზრი არ აქვს. ასე ჯობს. ჯერ გადაიჭრას ყევლა პრობლემა, აქ, ადგილობრივად დავლაგეთ და შემდეგ განვაახლებთ მოლაპარაკებებს“-აცხადებს გონჯილაშვილი.

 

White Group-ის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ  2015 წლის ოქტომბერში  „კომერსანტთან“ საუბარისას აცხადებდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიწასთან დაკავშირებული პრობლემებია მოსაგვარებელი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, კომპანია White Group სასტუმროს შენობების აშენებასთან ერთად, დიდი და პატარა საცურაო აუზების მშენებლობას, ვენახის, ხეხილის ბაღებისა და თხილის პლანტაციების გაშენებას, ასევე მარნის, სადეგუსტაციო დარბაზისა და ღვინის მინი ქარხნის მშენებლობას, საჯინიბისა და სხვა ინფრაქტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

 

რაც შეეხება ინვესტიციას, თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ახმეტაში „ბახტრიონი რიზორთის განვითარებაზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, შემდეგ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით,ინვესტიციის ოდენობა გაორმაგდა.

 

სამშენებლო კომპანია White Group ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ეკონომიკის სამინისტროც.

 



ავტორი: commersant.ge