100-ათასიანი რუსული არმია ნატოს საზღვრებთან და უკრაინული სცენარის მოლოდინი ბელარუსში
ამობეჭდვა · 2017-08-19 00:19:00 · 386 ნახვა

დაახლოებით 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცი ნატოს საზღვრებთან განთავსდება - "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, სექტემბერში დაგეგმილი წვრთნების გამო ბელარუსში რუსული ჯარის განლაგება ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაიწყო.

ნატოს შეფასებით, გასულ კვირას იქ უკვე გაცილებით მეტი რუსი ჯარისკაცი იყო განთავსებული, რის გამოც ამერიკელმა გენერლებმა, ასევე ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა შეშფოთება გამოთქვეს, რადგან, მათი ვარაუდით, შესაძლოა, რუსული ჯარები ბელარუსში სამუდამოდ დარჩნენ.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ რუსეთის არმიის სწავლების მასშტაბი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება.

როგორც ანალიტიკოსი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, დასავლურ მედიაში ბჭობენ, სწავლებაში მართლა 60-დან 100 ათას კაცამდე მონაწილეობს, თუ რიცხვი გაზვიადებულია.

"გარდა ბელარუსის შეიარაღებული ძალებისა, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დასავლეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობა მოკლედ რომ დავასახელოთ, მივხვდებით, რა არმადასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ამ ოლქის შემადგენლობაში შედის 3 მოტომსროლელი არმია, 2 საარმიო კორპუსი, სადესანტო ჯარები, საჰაერო თავდაცვის ჯარების შენაერთები, საოლქო დაქვემდებარების ცალკეული შენაერთები და ნაწილები, სულ 7 დივიზია, 47 ბრიგადა, 13 პოლკი და სხვა ნაწილები.

"თუ შეიარაღებას და ტექნიკას განვიხილავთ, მხოლოდ ოლქის შეიარაღებაშია 700-მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკი, 1000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა, 400-ზე მეტი საფრენი აპარატი, აქედან 90 ბომბდამშენი, თანამედროვე სუ-34-ები, გამანადგურებელი ავიაცია, დამრტყმელი შვეულმფრენები და სხვა. რა თქმა უნდა, თანამედროვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ს-400/300, ბუკ-ი, ტუნგუსკა და სხვა. სწავლებაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ცენტრალური დაქვემდებარების ძალები და საშუალებები. მთლიანობაში, საკმაოდ სერიოზული ძალა იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, როგორც წესი, სწავლების მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სამხედრო ხელოვნების დახვეწა და ჯარში საბრძოლო გამოცდილების დანერგვაა.

"რუსეთი აქტიურად აანალიზებს სირიაში მიღებულ საბრძოლო გამოცდილებას, იწერება უამრავი ნაშრომი ამ თემაზე და, ჩვენგან განსხვავებით, მიღებულ გამოცდილებას ნერგავენ როგორც ჯარებში, ასევე სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში.

"რა თქმა უნდა, სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირებაა, რასაც ღიად არავინ აცხადებს, მაგრამ როგორ იქნება რუსულ მედიაში აღნიშნული სწავლება გაშუქებული, მკაფიოდ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ - მასში დემონსტრაციული მოქმედებების შემადგენელი კომპონენტი ჭარბად იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს გენერალი და აღნიშნავს, რომ რატომღაც დასავლეთი ყირიმის და დონბასის შემდეგ გამოფხიზლდა და რუსეთის მზარდი სამხედრო პოტენციალი ახლა შეამჩნია.

"ზემოთ ჩამოთვლილი ძალებიდან ერთი არმიის და რამდენიმე დივიზიის გაშლა ბოლო 1-2 წლის განმავლობაში მოხდა. გარდა ასეთი მასშტაბური სამხედრო ძალისა, საფრთხეა რიტორიკა და საინფორმაციო პოლიტიკაც", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება ბელარუსში რუსული ჯარების სამუდამოდ დატოვებას, ანალიტიკოსის თქმით, არსებობს შიში, რომ ბელარუსში უკრაინული სცენარი განხორციელდეს.

"ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსში რუსული დაჯგუფება გაიზარდოს და აქტიური საშუალებები განლაგდეს, რაც საკმაოდ შეზღუდავს ბელარუსის სუვერენიტეტს.

"შიში უკრაინული სცენარის განხორციელებასთან დაკავშირებით ბელარუსში არსებობს. ამის შესახებ უამრავი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული. არა მგონია, ბელარუსის პრეზიდენტს სურვილი ჰქონდეს, რუსული ჯარები განალაგოს თავის ტერიტორიაზე. თუმცა, შესაძლოა, ზემოქმედების შედეგად მოუწიოს, რაც სამოკავშირეო ხელშეკრულებით შეიფუთება", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ აღნიშნული წვრთნები, ნატოს კონტინგენტის ზრდის პარალელურად, ძალის დემონსტრირებას ემსახურება.

"რუსეთი ცდილობს საკუთარი ძალის დემონსტრირებას და ამით ის პასუხობს ნატოს, რომელიც ზრდის სამხედრო კონტინგენტს პოლონეთსა და ბალტიისპირეთში.

"მათი პოზიციაა, რომ თუ ნატო ატარებს წვრთნებს და ზრდის კონტინგენტს რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს, რატომ არ შეუძლია, იგივე გააკეთოს კრემლმა. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან არ უნდა ველოდოთ, რომ ის შეიჭრება ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

"მან ინტერვენცია მოახდინა არა ნატოს წევრი ქვეყნებისა, არამედ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა სჭარბობს. ეს ეხება ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთს და ყირიმს.

"რაც შეეხება სხვა პოსტსაბჭოთა რეგიონებს, იქ რუსეთი სხვა სახის ბერკეტებს ამოქმედებს. ვგულისხმობ ეკონომიკურს თუ საინფორმაციო საშუალებებს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ რუსული ჯარების ბელარუსში დატოვების მოლოდინი სრულიად ლოგიკურია.

"ბელარუსი არის დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, ანუ იმავე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი, რომელიც რუსეთის ინიციატივით შეიქმნა. ამიტომ, თუ რუსეთის ზემოქმედებით შეთანხმება შედგა, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო კონტინგენტი ბელარუსის ტერიტორიაზე დარჩეს. თუმცა გამორიცხულია, რომ ბელარუსის ტერიტორია რუსეთმა გამოიყენოს ნატოს რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაჭრელად.

"რადგან ბელარუსს აქვს უშუალო საზღვარი პოლონეთთან და ლიტვასთან, იქ ჯარის დატოვება, რა თქმა უნდა, რუსეთის სურვილია, რათა ნატოს საზღვრების საიხლოვეს მოახდინოს ძალის დემონსტრირება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.