„ირანელები საშხაპეებში ისაქმებენო...“- „ჯემ ფესტის“ კულუარები – რას აპროტესტებენ დამსვენებლები
ამობეჭდვა · 2017-08-21 15:47:00 · 1581 ნახვა

დასვენება და გართობა ყველაზე აქტუალური თემაა ზაფხულში. „ჯემ ფესტი“ – ფესტივალი, რომელზეც მოხვედრა ყველაზე „სვეცკი“ ტონია და ყველაზე ძვირად ღირებული სიამოვნებაც. რით არის გამორჩეული ადგილი, სადაც ახალგაზრდები დროს ატარებენ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ფესტივალს, რას აპროტესტებენ დამსვენებლები და რა ცვლილებებია შესატანი აღნიშნულ პროექტში. ეს ის თემებია, რომლითაც „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა.  

ადგილობრივი მედია – Livepress ფესტივალ Gem fest-ის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რეპორტაჟს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა კვების ობიექტების მეპატრონეთათვის. ისინი უკმაყოფილო ტოვებენ განმუხურის ტერიტორიას, სადაც ფესტივალი 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იმართებოდა. როგორც გაირკვა, მცირე ბიზნესმენების ნაწილს მიწის იჯარის თანხა წინასწარ ჰქონდა გადახდილი, რამაც ისინი კიდევ უფრო აზარალა. ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისის გამო GEM fest-ის ადმინისტრაციას დარჩენილ თანხას არ გადაუხდიან.
მცირე ბიზნესმენების დიდი ნაწილი კომენტარზე უარს აცხადებს. ამბობენ, რომ პრეტენზიები GEM fest-ის ადმინისტრაციას უკვე უთხრეს და ამ თემაზე საჯაროდ გამოსვლების აზრს ვერ ხედავენ.
„ერთადერთი ობიექტი, რამაც აქ კარგად იმუშავა, იყო საპირფარეშო და თამბაქო“, – ამბობს ერთ-ერთი ბარის თანამშრომელი გიორგი აბრამიშვილი. მისი თქმით, GEM fest-ზე ბიზნესმენებმა არათუ მოგებაზე იმუშავეს, ვალები და საბანკო ვალდებულებები დაიმატეს. მის განწყობას იზიარებენ სხვა დაწესებულებების თანამშრომლებიც.
მაგალითად, გიორგი ჭანტურია, რომელიც კვების ობიექტის მენეჯერია, ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის საკვებსა და სასმელს დაბალ ფასად სთავაზობდნენ, მეტწილად დაწესებულება ვერ მუშაობდა.
„ჩვენ, სტაფი, გადავდიოდით ერთმანეთთან და ამით ვირთობდით თავს“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.
წარუმატებლობის მიზეზად ბიზნესმენები ერთმანეთის მსგავსი ობიექტების სიმრავლის პარალელურად ფესტივალის სტუმრების სიმცირეს ასახელებენ.
მათ პრეტენზიები აქვთ GEM fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუასთან, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თითქოს უკვე გაყიდულია ათიათასობით ბილეთი და ელოდებოდა უპრეცედენტოდ ბევრ დამსვენებელს. აქედან გამომდინარე, მათ განმუხურში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს.
მეიჯარეების პარალელურად, ფესტივალის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები აქვს თანამშრომლების ნაწილსაც. GEM fest-ის ბილეთების კონტროლიორების ნაწილი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ისინი ამბობენ, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მათთვის ერთი თვის გასამრჯელოდ 500 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა მხოლოდ 100 ლარი მისცეს, რამაც ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია.
რას აპირებს ფესტივალის ადმინისტრაცია, უცნობია. საპასუხოდ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. უფრო ადრე მისმა დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ განმარტება „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ელექტრონული მუსიკის წლევანდელი ფესტივალი არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული, რაც იყო მისი მცდარი წარმოდგენის შედეგი.
„კვებისა და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს, იმიტომ, რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებს სიგუა.
მანამდე GEM fest ყურადღების ცენტრში მოექცა უბედური შემთხვევის და ნარკოდანაშაულების გამო. ფესტივალიდან, გახსნის დღიდან დასრულებამდე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ჯამში, სხვადასხვა მიზეზებით, 33 ადამიანი მოათავსეს. როგორც „ლაივპრესს“ ჰოსპიტალის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აქედან 14 მოქალაქე ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით იყო მოწამლული, ერთი კი გარდაიცვალა. ტერიტორიაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი განმუხურში 2015 წლიდან იმართება. GEM fest წელს სახელმწიფო პროექტის „Check in Georgia“-ს ფარგლებში მოეწყო და 1.9 მლნ გამოიყო, რაც, გიორგი სიგუას თქმით, ბიუჯეტის 30%-ია“, – აღნიშნულია სტატიაში.

„პრაიმტაიმი“ რამდენიმე დამსვენებელს დაუკავშირდა, რომელთაც სწორედ ეს ფესტივალი არჩიეს დასვენებისა და გართობისთვის. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

ანი ნოდია, ჟურნალისტი:
– ფაქტია, რომ წლიდან წლამდე ეს ფესტივალი ვითარდება. მაგრამ თავიდანვე (როდესაც გაცხადდა) საეჭვო იყო ერთთვიანი პროექტის იდეა, არცერთ ქვეყანაში ამდენი ხნის განმავლობაში არ ტარდება ფესტივალები. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, სხვა ქვეყნების მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებდით. სხვა მხრივ, ფესტივალს ძალიან დიდი პერსპექტივა ჰქონდა და სამწუხაროა, რომ წლევანდელმა ბევრმა ფაქტორმა (და არცთუ უმნიშვნელო ფაქტორმა), სავარაუდოდ, ფესტივალის დახურვის ან ფორმატის შეცვლის იდეამდე მიიყვანა საზოგადოება. 
– რით განსხვავდებოდა წლევანდელი ფესტივალი შარშანდლისგან?
– რაც შეეხება შედარებას, თუ შარშან ფესტივალს ჰყავდა ორი ჰედლაინერი, წელს 10-ზე მეტი ისეთი ცნობადობისა და მასშტაბის არტისტი ეწვია ჩვენს ქვეყანას, რომ მხოლოდ მათ გამო წავიდა ასობით ადამიანი ფესტივალზე, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე კვირას ისმოდა უარყოფითი კომენტარები და იყო აჟიოტაჟი – ჩავარდა ფესტივალი, გაკოტრდა, ხალხი არ მიდის და ასე შემდეგ. რა იყო რეალობა? ხალხი იყო! ვიქენდებზე იმ რაოდენობის ხალხი იყო, როგორსაც, ალბათ, ელოდნენ კიდეც ფესტივალის ორგანიზატორები. საკმაოდ მოწესრიგებული იყო კვების ობიექტები, საპირფარეშოები და ტერიტორია (რომელიც ყოველდღიურად სუფთავდებოდა). 
– რამდენად უსაფრთხო იყო ფესტივალი ნარკოტიკების თვალსაზრისით?
– რაც შეეხება ნარკოტიკების საკითხს, მე მესმის, ზოგადად, ადამიანებს და განსაკუთრებით ქართველებს გვიყვარს საკუთარი აზრის დაფიქსირება და მით უმეტეს, თუკი რაიმე ხელჩასაჭიდი ვნახეთ, ბოლომდე გადავლა და სიტყვების რახარუხი. გასაგებია და ძალიან სამწუხაროა, რაც იქ მოხდა და, მე როგორც ადამიანს, ჟურნალისტს, მოქალაქეს ძალიან მაწუხებს ეს ტრაგედია. მაგრამ ეს მოხდა ბევრი მიზეზის გამო – საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ შეუჩვეველია ამგვარ ფესტივალებსა თუ ადგილებს, მაქსიმალური გააკეთეს იქ, რასაც არ აკეთებენ სხვაგან. ანუ გაიგეს, რომ არის საფესტივალო ქალაქი, სადაც შეიძლება მოწიონ, დალიონ, იქვე დაიძინონ, მოკლედ, სრული თავისუფლებაა... და ცოტა უნახაობა გამოუვიდათ... ტერიტორიაზე არ ეყარა ნარკოტიკი და არც არავის შემოუთავაზებია ჩემთვის. არც ჩემი ნაცნობ-მეგობრებისთვის. და ვინც ეძებდა, ის, ალბათ, პოულობდა კიდეც. სხვა საკითხია, რას პოულობდა, როგორ და რატომ! მაგრამ, ფაქტია, რომ არა მხოლოდ „ჯემ ფესტზე“, ნარკოტიკი/ტაბლეტები შეგიძლია, სხვაგანაც მიიღო...
– ფასების კმაყოფილი თუ ხარ?
– როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ნორმალური ფასები იყო როგორც ტერიტორიის შიგნით, საფესტივალო ადგილზე, ისე გარეთ. ანუ ტერიტორიის გარეთ ხალხმა გააკეთა კვების ობიექტები, სადაც ჩასული სტუმრები მუდმივად ისხდნენ. თბილისის კლუბებში ფასები ხშირ შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე ამ ფესტივალზე იყო. თან რამდენიმე ბარს მივაკითხე, მხოლოდ ერთი ბარით არ ვსაზღვრავ. თითქმის ყველა ბარს ვესტუმრე და მისაღები ფასები იყო. როგორც ვიცი, პირველ წელს, როდესაც კაზანტიპი ჩატარდა, კატასტროფა ფასი ედო ყველაფერს, საჭმელ-სასმელს. ეს დარეგულირებული იყო შარშან და წელსაც.


გაგრძელება იხილეთ ბმულზე