მიხილ ყაველაშვილი ცხინვალის „სამაჩაბლოსა“ და მარნეულის „ალგეთს“ შორის გამართულ საფეხბურთო მატჩს დაესწრო
ამობეჭდვა · 2017-08-28 15:28:00 · 450 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხილ ყაველაშვილი 27 აგვისტოს ცხინვალის „სამაჩაბლოსა“ და მარნეულის „ალგეთს“ შორის გამართულ საფეხბურთო მატჩს დაესწრო. შეხვედრა სოფელ ერგნეთის სტადიონზე გაიმართა და საფეხბურთო კლუბ „სამაჩაბლოს“ გამარჯვებით 5-1 დასრულდა.


„ცოტა ხნით ადრე, ამ მატჩამდე ვიმყოფებოდით ქალაქ გორში, სპორტის კომიტეტის წევრის თენგიზ ხუბულურის მიწვევით, რომ ადგილზე გაგვეცნო და ჩვენი თვალით გვენახა ის სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროებდა რეაბილიტაციას და უფრო მეტ ყურადღების მიქცევას ჩვენი მხრიდან, სწორედ მაშინ ერთ-ერთ  მიზნად დავისახეთ გამყოფ ხაზთან სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და აღნიშნულ ტერიტორიებზე სპორტული აქტივობების ჩატარება. ბედნიერი ვარ რომ ვესწრები აღნიშნულ საფეხბურთო მატჩს. ვფიქრობ, რომ სპორტი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან. ასევე  ბედნიერი და მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც მივიღე ცხინვალის „სამაჩაბლოსგან“ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო აღნიშნული გუნდის განვითარებას და ხელი შევუწყო შემდგომ წარმატებებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


ამასთან, გაცნობებთ რომ მიხეილ ყაველაშვილი ცხინვალის „სამაჩაბლოს“ პრეზიდენტად დასახელდა. მატჩს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტის წევრი და  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

 


 



ავტორი: MediaMall.ge