საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 2017-09-04 15:55:00 · 228 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და კომიტეტის წევრი გიორგი თოთლაძე, რომლებიც უნგრეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ, უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კრისტიან კულცზარს შეხვედნენ.

შეხვედრაზე საუბარო შეეხო უნგრეთში სპორტის განვითარებას, ოლიმპიური კომიტეტის ჩართულობას და ოლიმპიურ კომიტეტსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს. 

უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ამის დასტურს წარმოადგენს.

„თანამშრომლობის შემდეგი ეტაპისათვის საჭიროა ქვეყნებმა დაასახელონ საკუთარ ქვეყნებში პრიორიტეტული სპორტის სახეობები და ამ სპორტის სახეობებში დახმარება გაუწიონ გამოცდილების გაზიარებითა და სასწავლო საწვრთნელი შეკრებების ორგანიზების კუთხით“, - განაცხადა კრისტიან კულცზარმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსების სტრუქტურას და კომიტეტის მთავრობასთან თანამშრომლობას.

ქართულმა მხარემ უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ორგანიზებისთვის მასპინძელ ქვეყანას მადლობა გადაუხადა და ოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ტურნირში ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობაზე ისაუბრა და ქართულ მხარეს სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები მიულოცა.

შეხვედრის დასასრულს ქართულმა მხარემ უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით თბილისში მოიწვია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია უნგრეთში სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ასევე, დაესწრო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს. ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზარმა საპარლამენტო დელეგაცია ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის 65 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიიწვია, სადაც დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა სხვადასხვა დროის ძიუდოში მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს.



ავტორი: MediaMall.ge