სათამაშოების უსაფრთხოებას 2018 წლიდან კანონი დაარეგულირებს
ამობეჭდვა · 2017-09-13 08:50:35 · 103 ნახვა

ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. როგორც უწყების წარმომადგენელმა გიორგი ჩიტაძემ განაცხადა, პროექტის პირვანდელ ვერსიაზე მუშაობა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და ის სავარაუდოდ, 2018 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. 

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქართული კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს. ევროდირექტივის შესაბამისად, კანონმდებლობა 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს. თუმცა, შესაბამისი კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და ვფიქრობთ, მისი ამოქმედება ეტაპობრივად უკვე 2018 წლიდან გახდება შესაძლებელი,“-აღნიშნა ჩიტაძემ. 

მისივე თქმით, ევროდირექტივა განსაზღვრავს, თუ როგორი პროდუქტი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ და ადგენს პარამეტრებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ნივთი. 

„ეს პარამეტრები სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვაა. რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს საღებავის შემცველობა, რიგ შემთხვევაში დეტალებად დაშლის რაოდენობა, ასევე რამდენად დაცულია, რომ ელექტროშოკი არ გამოიწვიოს და ა.შ.“, - განაცხადა ჩიტაძემ. 

 



ავტორი: Mediamall.ge