განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ამობეჭდვა · 2017-09-13 08:51:32 · 138 ნახვა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი პირი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათზე ბრალდებული სტუმრად მივიდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პირთან,  სადაც ორივემ ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულს მასპინძელთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით მას თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ბლაგვი საგანი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა,"- ნათქვამია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 დეკემბერს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.