ბათუმის მოვლენებზე დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ
ამობეჭდვა · 2017-09-13 09:00:53 · 268 ნახვა

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებმა ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღოღობერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს დავით მამისეიშვილს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.

გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს, 10:30 საათზე გამოაცხადებს. რაც შეეხება მომდევნო სხდომას, ის 22 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება. 

როგორც ირაკლი ჩხვირკიამ განაცხადა, საპატიმროდან გათავისუფლება იმიტომ ითხოვა, რომ ოჯახში მძიმე ავადმყოფები ჰყავს და მათი პატრონი და მომვლელი არავინ არის. 

ასევე ოჯახური მდგომარეობის გამო, საპატიმროს დატოვებას ბრალდებული მერაბ ღოღობერიძეც ითხოვდა. "დედაჩემი იმისთვის წავიდა თურქეთში, რომ ჩემი ოთხი შვილი გამოკვებოს. აი ასეთ მდგომარეობაში მიმიყვანა "ქართულმა ოცნებამ", - აცხადებს მერაბ ღოღობეროძე.

პროკურორმა რამაზ შავაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე არსებობს. 

"სისტემატიურად მიზანმიმართულად, პროცესის გაჭიანურება ხდება, რათა წარმოდგენილ ვადაში მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ ვერ შეძლოს. ავადმყოფობაზე აქცენტის გამახვილება საფუძველს მოკლებულია. სისხლის სამართლის კოდექსში ნათლად არის გაწერილი, რომ რა შემთხვევაში შეიძლება შეეფარდოს პირს პატიმრობა. არის მიმალვის საფრთხე. დანაშაული მძიმე კატეგორიისა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საკმაოდ გრძელვადიანი პატიმრობა შეეფარდოთ. არსებობს საფრთხე, რომ მოწმეებზე ბრალდებულების მხრიდან ზეწოლა მოხდეს, ასევე, მათ სხვა ახალი დანაშაული ჩაიდინონ", - განაცხადა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 - ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისმობს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

 

 

 



ავტორი: Mediamall.ge