თბილისი კულტურისა და მეგობრობის ფესტივალს უმასპინძლებს
ამობეჭდვა · 2017-09-13 13:17:00 · 274 ნახვა

 

19 – 23 სექტემბერს, თბილისში, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში და გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით, კულტურის განსაკუთრებული ფესტივალი - "კამერა ობსკურა“ გაიმართება. ფესტივალზე სხვადასხვა ასპექტებში იქნება ნაჩვენები ხელოვნების სხვადასხვა ფორმები: ფოტოგრაფია, მხატვრობა, კინო, არქიტექტურა და მუსიკა.

საქართველოში გერმანიიდან ჩამოვლენ ცნობილი ხელოვანები, რათა წარმოადგინონ მათი შემოქმედება და გაცვალონ გამოცდილება თავიანთ ქართველ კოლეგებთან.

გერმანიის საელჩოს ცნობით, 19 სექტემბერს, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულია ცნობილი გერმანელი ფოტოხელოვანი და მსახიობი მარგარიტა ბროიხი, რომელიც კაფე ლიტერას ეზოში წარმოადგენს ფოტოგამოფენას "როდესაც ფარდა ეშვება“.

"ოთხშაბათს, თბილისის კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა“ გამართავს სიმფონიური მუსიკის კონცერტს კრისტოფ გეჯოლდის დირიჟორობით. ცნობილი ჩელისტი და პროფესორი იენს პეტერ მაინცი სოლისტის რანგში დაუკრავს ჰაიდნის კონცერტს ჩელოსათვის (C-Dur). პარალელურად, მხატვარი ფლავიო დე მარკო წარმოადგენს გრაფიკულ ნახატებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა და კონცერტის მუსიკის პროგრამაზეა მორგებული.

ხუთაბათს, ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი შტეფან ბრაუნფელზი ისაუბრებს ურბანული განვითარების თემაზე.

ელექტრონული კლუბური მუსიკა აერთიანებს ბერლინსა და თბილისს, ამიტომ დიჯეები შტეფან გოლდმანი და პატლაკი ბერლინიდან თბილისში ჩამოვლენ და პარასკევ ღამეს კაფე გალერიში დაუკრავენ.

ფესტივალს დაასრულებს ფერადი ზეიმი ფაბრიკას ეზოში: ახლად შექმნილი გერმანულ-ქართული ჯაზ-კვინტეტის კონცერტი გაგრძელდება ელექტრონული საცეკვაო მუსიკით. გარდა ამისა, მთელ ფაბრიკას გერმანულ-ქართული დევიზი გააერთიანებს: მუსიკა, კინო, მოდა და გასტრონომია წვლილს შეიტანს ისეთ დაუვიწყარ ზეიმში, როგორიც საქართველოს შეეფერება!

ფესტივალის "კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ ორგანიზატორია კულტურის სფეროს კომპანია ბერლინიდან RCCR Projects",–წერია ინფორმაციაში. 



ავტორი: MediaMall.ge