ბორჯომის გამგებლის მოადგილე ადასტურებს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის პრემია მიიღო
ამობეჭდვა · 2017-09-13 18:06:00 · 176 ნახვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე ადასტურებს, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა ფულადი ჯილდო მიიღო. 

ანზორ სვანიძე რომელმაც პრემია თავადაც აიღო, აცხადებს, რომ ბორჯომის გამგეობამ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის განცხადების საფუძველზე მიიღო, რომლის თანახმად ყველა, ვინც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა, პრემიებით იქნებოდა წახალისებული. 

"ჩვენთან სულ 120 ადამიანი მუშაობს, მათგან 11-მა, (მათ შორის სამი მძღოლი) პრემია მიიღო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შესაბამისად",-განუცხადა MediaMall.ge-ს ანზორ სვანიძემ. 

ფულად ჯილდოს გაცემის შესახებ ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას თან ახლდა შესაბამისი ბრძანების ამსახველი ფოტოებიც.

დოკუმენტში წერია, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.
 



ავტორი: MediaMall.ge