ფინანსთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს
ამობეჭდვა · 2017-09-13 20:04:54 · 250 ნახვა

თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტში („სარფი“) უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, რამაც თურქეთის ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება გამოიწვია, ფინანსთა სამინისტროში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუ დაიბარეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე - შემოსვლა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი საბაჟო პუნქტია. შესაბამისად, ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების პუნქტში პრობლემებისა და შეფერხებების მინიმიზაცია. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, უახლოესი დღეების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება.

„ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნტზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური სერვისის „LIVE კამერა“ (http://www.rs.ge/6183) საშუალებით შეუძლია. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“, - ნათქვამია პრესრელიზში.



ავტორი: Mediamall.ge