ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის გამო, 1 ივლისიდან დღემდე, 143 მეწარმე დაჯარიმდა
ამობეჭდვა · 2017-09-14 19:32:14 · 411 ნახვა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 2017 წლის 1 ივლისიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ რაც სავალდებულო გახდა, რომ მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისას, მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით, 143 გადასახადის გადამხდელს ფულადი სანქცია დაეკისრათ. თანხის ჯამურმა ოდენობამ 47 000 ლარი შეადგინა. 128 სუბიექტის მიმართ კი პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ გაფრთხილება იქნა გამოყენებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სასმახურის ინფორმაციით, სამართალდარღვევების უმეტესი ნაწილი სამშენებლო სექტორისა და ტუროპერატორების სფეროში ვლინდება. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე მეწარმე სუბიექტი მიიღებს გაფრთხილებას; იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი უკვე 5000 ლარით დაჯარიმდება.



ავტორი: Mediamall.ge