ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში ჩამოვა
ამობეჭდვა · 2017-09-14 20:15:04 · 275 ნახვა

ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩის ვიზიტი საქართველოში 18-21 ნოემბერს იგეგმება. აღნიშნულის შესახებ დღეს, 14 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელიც კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლებმა  გამართეს.

„ეს არის საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს და ვისაუბროთ მის ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება.  მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს კოლეგებს მოგვეცემა საშუალება შევხვდეთ და ვუმასპინძლოთ ლეგენდარულ კინორეჟისორს და მასთან ერთად განვიხილოთ საქართველოს განათლების, კულტურისა და სოციალური მიმართულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი სამომავლო ინიციატივები“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით,  ლინჩის სტუმრობისას მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საკითხი განიხილება. პირველი ინიციატივა კი დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის საქართველოში გახსნას ეხება.

“ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს. დაბოლოს, საუბარია ფართომასშტაბიან სოციალურ პროექტზე – ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებზე”,- ამბობს ჯაში.

ლინჩის ფონდის ხელმძღვანელის, გიგა აგლაძის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ დევიდ ლინჩი ნოემბერში ჩამოვა და ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.

„ის პროექტები, რისი გაკეთებაც იგეგმება ქვეყნისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის არის დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტისა და ა-კლასის კინოფესტივალის დაარსება. ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, კინემატოგრაფიის ენაზე რომ ვთქვათ, ასეთი ახლო ურთიერთობა ჰოლივუდთან და დიდ რეჟისორებთან, ვინაიდან დევიდ ლინჩის ფონდი 250 ცნობილ სახეს აერთიანებს, მათ შორისაა მარტინ სკორსეზე და ა.შ.  ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. ამ ფონდის გახსნით საქართველოში და კავკასიაში ჩვენ არათუ უკვე მივუახლოვდით ამ ადამიანებს, პირიქით, საქართველოში ველოდებით მათ. სულ მალე საქართველოში ჰოლივუდის ყველა ის ვარსკვლავი ჩამოვა, რომელთა ნახვაც აქამდე მხოლოდ კინოეკრანზე შეგვეძლო“, – განაცხადა გიგა აგლაძემ.



ავტორი: Mediamall.ge