დღეს სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა
ამობეჭდვა · 2017-09-17 08:50:05 · 603 ნახვა

დღეს, 17 სექტემბერს,  სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. ყველასათვის საყვარელ მსახიობს 111 წელი შეუსრულდებოდა.

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ბათუმში. 

1923-26 წლებში სთბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში  სწავლობდა. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე").

1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

სესილია თაყაიშვილი ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.

სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქრისტინე (დადიანის „ნინოშვილის გურია"), ოლღა (დუმბაძის და ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), მანანა („ჭირვეული მეზობლები"), ვასასი („ჩვენი ეზო" 1956), ელპიტე („საბუდარელი ჭაბუკი" 1956), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარიამ სტიუარტი"), ბუღალტერი („ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" 1983) და მრავალი სხვა.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" იხილა, თქვა: ,,ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა, რომელიც ახლაც პროვინციაში ცხოვრობსო".

1950 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა.

1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

სესილიას მეუღლე გახლდათ მსახიობი ვასო გოძიაშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი - დათო. ვასოს ძალიან უყვარდა სესილია, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ცოლ-ქმარი ექვსი წლის თანაცხოვრების შემდეგ დასცილდა ერთმანეთს. სესილა სიამაყით ამბობდა: ,,მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო". პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინახა და უკანასკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.

სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

სიკვდილის წინ  სესილია თაყაიშვილმა ასეთი ანდერძი დატოვა:

„ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.

ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.

რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!“

 



ავტორი: Mediamall.ge