მოვაწერთ ხელს რამდენიმე მსხვილ კონტრაქტს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 2017-09-18 12:28:00 · 263 ნახვა

„მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში მონაწილეობით ვეცადეთ გადაგვედგა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა და ქართული ბიზნესი იყოს ინტეგრირებული ჩინურ კომპანიებთან, ჩინურ ეკონომიკასთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი პირდაპირ გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ბენეფიტები“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენის (China International Fair for Investment & Trade) გახსნის ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს  მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო. გამოფენაში 120 ქართული კომპანია მონაწილეობს.

„ეს გამოფენა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ინვესტიციებს.  ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წელს მნიშვნელოვან თარიღებს აღვნიშნავთ ჩინეთთან მიმართებაში - ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და  მეორე: ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვართ წარმოდგენილი, როგორც მასპინძელი ქვეყანა და დღეს  მოვაწერთ ხელს რამდენიმე მსხვილ კონტრაქტს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ჩინეთთან ვაჭრობის დინამიკა იზრდება და ჩინეთი გადმოდის უკვე პირველ ადგილებზე ექსპორტის ნაწილში.  „სწორედ ასეთი გამოფენები უწყობენ ხელს იმ პროცესს,  რომ ჩვენმა მეწარმეებმა ძალიან მოკლე ვადაში დაამყარონ კონტაქტები და დაიწყონ სწრაფად თავიანთი პროდუქციის რეალიზება. დღეს სტენდზე, რომელიც სხვათაშორის ამ გამოფენაზე ყველაზე დიდი სტენდია, წარმოდგენილია 120 ქართული კომპანია სხვადასხვა სექტორებით - ესაა სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, მაღალი ტექნოლოგიები და ა.შ.  სხვათაშორის, აქ  წარმოდგენილნი არიან ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები, როგორიც არის GITA, საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სამინისტრო და ვფიქრობ, რომ ვაჭრობის მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტრანზიტი, მომსახურება, მსუბუქი მრეწველობა,სწრაფად განვიტარდება“ - აღნიშნა მინისტრმა.

უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს იმართება,  სადაც საქართველოს  მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული  და მისთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი. გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გიორგი გახარიამ და ფუჯიანის პროვინციის    ვიცე-გუბერნატორმა გახსნეს.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იქნება როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნეს კავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან. 

 



ავტორი: MediaMall.ge