რა უნდა იცოდეთ ზეთის შეძენისას
ამობეჭდვა · 2017-09-19 22:53:07 · 293 ნახვა

ზეთის კვებითი ღირებულება და კულინარული დანიშნულება იმაზეა დამოკიდებული, რა მეთოდითაა მიღებული პროდუქტი. 

ნედლეულიდან (ზეთისხილი, მზესუმზირა, სიმინდი, სოიო) მცენარეული ცხიმის მიღება შესაძლებელია დაწნეხვით ან ექსტრაქციის მეთოდით. დაწნეხვით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა.

ზეთის ხარისხისთვის მნიშვნელოვანია, ცივად დაწნეხეს ნედლეული თუ გააცხელეს (მოხალეს) დაწნეხვის წინ. გაცხელება ნედლეულიდან ზეთის გამოსავალს ზრდის, თუმცა, ამავე დროს, ზეთში კანცეროგენული ნივთიერებების მოხვედრის შანსიც იზრდება. ამიტომ, დაიმახსოვრეთ: ცივი დაწნეხვით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცხელი დაწნეხვით მიღებული.

კიდევ ერთი ეტაპია რაფინირება - რაფინირებას იმიტომ მიმართავენ, რომ ასეთი გაწმენდის გარეშე, ზეთი დიდხანს არ ინახება და კულინარულ დამუშავებასაც ცუდად იტანს (გაცხელებისას შეიძლება აქაფდეს). თუმცა, გაწმენდისას, ზეთი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. 

ზოგჯერ ზეთის ეტიკეტზე ასეთ წარწერებს შეიძლება წააწყდეთ: - გავლილი აქვს მხოლოდ ჰიდრატაცია, ან მხოლოდ ვინთერიზაცია, დეზოდორაციის გარეშე, არომატიზაციის გარეშე... ეს ყველა ტერმინები ქიმიური გაწმენდის (რაფინირების) სტადიებია. ამ წარწერებით მწარმოებელი მიგვანიშნებს, რომ ზეთს ქიმიური გაწმენდის სრული ციკლი კი არა, მისი მხოლოდ ნაწილი აქვს გავლილი. ანუ სრულად რაფინირებულ ზეთზე ცოტა უფრო უკეთესია, უფრო სასარგებლოა.

• თუ ზეთი გაცხელების გარეშე (მაგალითად სალათებში) უნდა გამოიყენოთ, ეცადეთ, არარაფინირებული ზეთი შეიძინოთ. თუ რაიმეს შესაწვავად გინდათ, მაშინ რაფინირებული ზეთი შეიძინეთ;

• აუცილებლად გაეცანით შენახვის ვადას: რაფინირებული ზეთის შენახვის ვადა 1 წელი ან ცოტა მეტი შეიძლება იყოს, არარაფინირებულის კი - 3-8 თვე. თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში სპეციალური ქიმიური დანამატები - ანტიოქსიდანტებია დამატებული. როგორც წესი, ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა. ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, მოერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომელსაც 2 წელზე მეტი შენახვის ვადა აქვს.

• მიაქციეთ ყურადღება, რომ რაფინირებული ზეთი კრიალა-გამჭვირვალე იყოს, ყოველგვარი ნალექის გარეშე. არარაფინირებულ ზეთს კი, შეიძლება მცირე ნალექი ჰქონდეს, რომელიც სასარგებლოც კია ორგანიზმისათვის.

• თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია და ზეთის ეს სახეობა არაფრითაა სხვაზე უკეთესი, ქოლესტერინს არცერთი მცენარეული ზეთი არ შეიცავს. 

• გაცხელებისას, ზეთში, კანცეროგენური და ტოქსიკური ნივთიერებები წარმოიქმნება. ამიტომ, ზეთის რამდენჯერმე გაცხელება არ შეიძლება. შესაწვავად ერთხელ გამოყენებული ზეთი უნდა გადააქციოთ.



ავტორი: Mediamall.ge