აფთიაქის შემცვლელი, სანელებლების მეფე თუ უკვდავების ელექსირი - ნივრის ისტორია
ამობეჭდვა · 2017-09-19 23:22:02 · 399 ნახვა

ნიორი - ბუნებრივი წამალი, უკვდავების ელექსირი, სანელებლების მეფე, ჯადოსნური მცენარე, - ამ მცენარეს ყოველთვის თან ახლავს მსგავსი შეფასებები.

“მყრალი ვარდი“, ანუ ნიორი, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ, ერთ-ერთი პირველი მცენარეთაგანია, რომლის მოყვანაც ადამიანმა 3000-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. მისი სამშობლო შუა აზიაა, თუმცა, იგი პოპულარული იყო ძველ ეგვიპტეშიც, საბერძნეთშიც, რომშიც და ინდოეთშიც, ანუ იქ, სადაც მის მძაფრ სურნელს არ უფრთხოდნენ. ძველ ჩინეთში კი, ნიორს მაგიურ თვისებებსაც მიაწერდნენ და ავი სულების განსადევნ საშუალებად მიიჩნევდნენ.

ეს უცნაური პროდუქტი არც სანელებელია, არც საკმაზი, არც სუფთა სახის ბოსტნეული. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ნიორი ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი ბოსტნეულია, რომლის წვენშიც შაქრის შემცველობა 20%-ს აღწევს. ამიტომაცაა მისი წვენი შაქრის სიროფივით წებოვანი, რომლითაც, თურმე, ფაიფურის დამსხვრეულ ჭურჭელსაც კი აწებებდნენ. თუმცა, ნივთიერება ალიცინი, რომელიც მხოლოდ ნიორში გვხვდება, ისეთი მწველია, რომ სიტკბოს შეგრძნებას სრულებით ბლოკავს. 

ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს იცავს გაციებისა და ვირუსებისაგან. შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, ასევე ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. აგრეთვე, კლავს ძალიან ბევრ ბაქტერიას. როგორც ამ­ბობენ, ნიორს მთელი აფთიაქის შეცვლა შეუძლია.

სანელებლების მეფედ აღიარებული ნიორი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს: C, D და B ჯგუფის ვიტამინებს, იოდს, გოგირდს, რკინას, მთრიმლავ ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს, აძლიერებს მადასა და კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცენტს, იმუნიტეტს, იცავს ადამიანს სეზონური დაავადებებისგან. ნიორს, სპეციფიკურ გემოსა და სუნს აძლევს ეთერზეთი, რომელიც ფიტოციდს შეიცავს.

საქართველოში გავრცელებულია ნივრის ორი ჯიში: გორული და იმერული. ცნობილია, რომ ყველაზე მეტ ნიორს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიირთმევენ, თუმცა, ნაკლებად პოპულარული არც სხვა ქვეყნებში გახლავთ. მაგალითად, სან ფრანცისკოში, არსებობს რესტორანი, სადაც დესერტის მენიუში ნივრიანი ნაყინიც შედის.



ავტორი: Mediamall.ge