საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას ორი ძეგლი შეემატა
ამობეჭდვა · 2017-09-19 23:49:48 · 238 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას ორი ძეგლი შეემატა -  ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე „ცეცხლის ტაძარი" და „ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი".

ნეკრესის ნაქალაქარი სახელწოდებით „ცეცხლის ტაძარი" 1984-1993 წლებში, არქეოლოგიური ექსპედიციის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ტაძარი ჩვ. წ. IV საუკუნეში დაინგრა.

თავდაპირველად „ცეცხლის ტაძარი" დიდი ზომის იყო, მისი დანგრევის შემდეგ პრაქტიკულად მის საძირკველზე დაარსდა ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემის მქონე სასახლე. „ცეცხლის ტაძრიდან" დღემდე სწორედ ამ სასახლის ნანგრევები, უფრო სწორედ, ორი კედელი შემორჩა.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, აღნიშნული ძეგლი მაზდეანური თაყვანისცემის პერიოდს განეკუთვნება და ამ სარწმუნოების მიმდევართა სამლოცველოს წარმოადგენს. აღნიშნულია, რომ ტაძრის რთული გეგმარება გამოწვეულია იმით, რომ ამ ტაძრის მსახურები იქ ციურ მნათობებს აკვირდებოდნენ, კერძოდ, ზოროასტრული დღესასწაულების კალენდრის შემუშავების მიზნით.

„ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის" ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სამნავიანი ტაძარია.

მეცნიერთა თქმით, ჭაბუკაურის ბაზილიკა ბიზანტიური არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. ბაზილიკის გვერდით მდებარეობს სანათლავი, რომელიც ასევე ბიზანტიური არქიტექტურული სკოლის ტრადიციებშია შესრულებული.

ჭაბუკაურის კომპლექსი ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდშია აშენებული.

 



ავტორი: Mediamall.ge