რჩევები კარაქის შეძენამდე
ამობეჭდვა · 2017-09-20 19:00:00 · 342 ნახვა

კარაქი რძის შედღვების შედეგად მიიღება. ამ პროდუქტის დამზადების ორი მეთოდი არსებობს - რძის სეპარაცია და მუდმივი დღვება. ამ ორი მეთოდის გამოყენებით, მიიღება განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთი და იგივე სარგებლის მქონე კარაქი. ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე, ბუნებრივია, ბევრი გსმენიათ, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანია კარაქის შეძენამდე გასათვალისწინებელი უსაფრთხოების საკითხების ცოდნაც.

რძესა და რძის ნაწარმთან დაკავშირებით, საქართველოში 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები. მწარმოებლებს აეკრძალათ მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქციის ,,რძის ნაწარმის” დასახელებით რეალიზაცია. 

როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა კარაქი ნამდვილია თუ მცენარეული ცხიმის გამოყენებითაა დამზადებული. რას ნიშნავს სპრედი, რომელსაც მარკეტებში მრავლად ვხვდებით და რამდენპროცენტიანი რძის ცხიმისგან მზადდება ნამდვილი კარაქი.

• ნამდვილ კარაქში რძის ცხიმისგან განსხვავებული სხვა სახის ცხიმის არსებობა დაუშვებელია. პროდუქტს, რომელშიც რძის ცხიმთან ერთად მცენარეული ცხიმიც არის შერეული, შერეული ცხიმი ეწოდება.

• კარაქი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომლის ცხიმიანობა 80%-დან 90%-მდეა.

• კარაქის შეძენისას, კარგად უნდა დააკვირდეთ, რას ყიდულობთ. როდესაც ეტიკეტზე არის წარწერა - ,,სპრედი”, ,,კომბინირებული ცხიმი”, ,,კომბინირებული კარაქი”, ,,შეიცავს მცენარეულ ცხიმს” - ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ არის ნატურალური კარაქი.

• თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ეს კარაქი ნატურალურია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რძის ცხიმს, რძესთან ერთად, რძის ფხვნილიც შეიცავს. სწორედ ამიტომ, ისიც ნატურალურ ნედლეულად მიიჩნევა.

• გაყინვისას კარაქი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. მას უნარჩუნდება პლაზმის შემადგენელი ცილების, ვიტამინების და მინერალების შემადგენლობა, რაც კარაქის საგემოვნო თვისებებს განსაზღვრავს. ამდენად, გაყინული კარაქი ისეთივე სასარგებლო პროდუქტია, როგორც გაუყინავი.
კარაქის გამოყენება ყოველდღიურ რაციონში დაშვებულია, თუმცა, სპეციალისტები იგივე ინტენსივობით მოხმარებას არ გვირჩევენ სხვა ცხიმების შემთხვევაში.

• მარგარინი - ეს არის ცხიმების ერთობლიობა, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიდროგენიზაცია (წყალბადის ატომების დამატება), რის შედეგადაც, თხევადი ზეთი მყარ მასად გარდაიქმნება და წარმოიქმნა ტრანსცხიმები (შეცვლილი მოლეკულური სტრუქტურის მქონე ცხიმები). 

• სპრედი - მარგარინისგან განსხვავებით, მასში არ არის ტრანსცხიმები, თუმცა, ეს პროდუქტი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს, რომელსაც დამატებული აქვს ქიმიური საღებავები, გემოს გამაძლიერებლები, არომატიზატორები. 



ავტორი: Mediamall.ge