რჩევები ყავის შეძენამდე
ამობეჭდვა · 2017-09-21 19:00:48 · 306 ნახვა

ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში, ეთიოპიელმა მწყემსებმა შეამჩნიეს, რომ ყავის მარცვლების ჭამის შემდეგ, ცხვარი უფრო ენერგიული და მოუსვენარი ხდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო არომატული სასმელის ისტორია. 

ხარისხიანის გარდა, ბაზარზე გვხვდება ფალსიფიცირებული ყავის არაერთი სახეობა, განსაკუთრებით კი, დაფქვილი ყავის ფალსიფიკაციას აქვს ადგილი. პროდუქციაში ყავასთან ერთად, ხშირად სხვა მინარევებიც (მაგალითად რკოს, ვარდკაჭაჭს ძირების ან ყურძნის წიპწის ფქვილი) არის დამატებული. ამ ფალსიფიკაციის გამოვლენა საკმაოდ იოლია: ჩაყარეთ ცოტაოდენი დაფქვილი ყავა ცივ წყალში და მოურიეთ. ყავის ფხვნილი წყლის ზედაპირზე დარჩება, უცხო მინარევები კი, ფსკერზე დაილექება. გარდა ამისა, ყავის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა;

• მარცვლოვანი ყავის შეძენისას, უნდა შეეცადოთ, შედარებით ღია ფერის, ნაკლებად მოხალული პროდუქტი აირჩიოთ. დაძველებული ყავის მარცვლები არომატს კარგავს. ხშირად, მარცვლებს რეცხავენ და ხელახლა ხალავენ. ასე რომ, რაც უფრო ბევრჯერაა მოხალული (მუქი ფერისაა) გასაყიდი ყავის მარცვლები, მით მეტია ალბათობა, რომ ყავა ძველია. 

• განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. სხნადი ყავა, თუმცა, ისმის კითხვა - რამდენად შეიძლება ასეთ ყავას ნატურალური ვუწოდოთ და რითი განსხვავდება იგი მარცვლოვანი ყავისგან? 
ხსნადი ყავის მისღებად ჯერ ყავის მარცვლებს ხალავენ, ფქვავენ და ხარშავენ. მიღებულ ექსტრაქტს აშრობენ და იღებენ ფხვნილს. ამ უკანასკნელს უკვე ვაკუუმ დანადგარებში აშრობენ ან გრანულებად კრავენ. ყოველივე ამის შემდეგ, ცხადია, ყავა კარგავს თავის პირვანდელ გემოს, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, ხელოვნურ არომატიზატორებსა და გემოს გამაძლიერებლებს უმატებენ. გემოსთან ერთად, იკარგება ნატურალური ყავის სასარგებლო თვისებებიც. კოფეინი, რომელიც ხსნად ყავაში შედის, ორგანიზმიდან გამოსვლას დიდხანს უნდება. აქედან გამომდინარე, ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხსნადი ყავის დალევა არასასურველიაა, რადგან კოფეინი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამან კი, შეიძლება, წყლულოვანი დაავადებების გართულება გამოიწვიოს.

მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას ხსნად ყავას ანიჭებს. ტექნოლოგიის მიხედვით, იწარმოება სამი სახის ხსნადი ყავა:

• ფხვნილისებური (სპრეი). ამ სახის ყავა მიიღება ყავის ექსტრაქტის გაფრქვევით გაშრობით. ხსნადი ყავის სეგმენტში ეს ყველაზე იაფფასიანი პროდუქტია;

• გრანულირებული ყავის ეს სახეობა მიიღება ფხვნილის დასველებით და შემდგომ მისი გრანულირებით. 

• სუბლიმირებული ყავა შედარებით ღია ფერის, გლუვი გრანულებია. ეს პროდუქტი ხსნად ყავებში ყველაზე ძვირია და განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხასიათდება. მის მისაღებად ყავის ექსტრაქტი იყინება და შემდეგ შრება თხევადი ფაზის გავლის გარეშე. ამგვარი პროდუქტი ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

• ხსნადი ყავა იოლი მოსამზადებელია, მაგრამ მისი წარმოების დროს, ყავის არომატი ნაწილობრივ იკარგება, ამიტომ გურმანები, როგორც წესი, ე.წ. თურქულ ყავას ან აპარატის ყავას ამჯობინებენ, რომლის მოსამზადებლადაც მარცვლოვანი ან დაფქვილი ყავა უნდა შეიძინოთ.

• თუ დაფასოებულ ყავას ყიდულობთ, უმჯობესია შეიძინოთ ვაკუუმშეფუთვაში დაფასოებული ყავა. შეძენისას კარგად დაათვალიერეთ, რომ შეფუთვა დაზიანებული არ იყოს.

• თუ ასაწონ დაფქვილ ყავას ყიდულობთ, ჯობს მარცვლები თქვენი თანდასწრებით დაფქვან.

• ნუ შეიძენთ ქაღალდის პარკებში წინასწარ დაფასოებულ დაფქვილ ყავას (შესაძლებელია, არომატი უკვე დაკარგული ჰქონდეს).

სპეცილისტები გვირჩევენ, რომ ყავა საუზმის შემდეგ მივიღოთ. გაღვიძებისთანავე ყავის მიღება მადას მნიშვნელოვნად აქვეითებს. გარდა ამისა, უზმოზზე ყავის მიღება საჭმლის მონელების სისტემსაც არღვევს



ავტორი: Mediamall.ge