რა უნდა იცოდეთ ჩაის შეძენისას
ამობეჭდვა · 2017-09-22 22:09:48 · 354 ნახვა

ჩაი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, თუმცა, სამომხმარებლო ბაზარზე საკმაოდ ხშირია უხარისხო ან ფალსიფიცირებული ჩაის რეალიზაციის შემთხვევებიც. რა უნდა ვიცოდეთ ჩაის შეძენისას:
საქართველოში უამრავი დასახელების ჩაი შემოდის. წარმოდგენლია სხვადასხვა არომატისა და დანიშნულების ჩაი. ბევრი კითხვა ჩნდება, როგორ უნდა გავარჩიოთ სუფთა ჩაი საღებავებისა და ქიმიური დანამატების შემცველი ჩაისგან, მავნებელია თუ არა ერთჯერადი ჩაის გამოყენება, ან როგორ უნდა გამოიყურებოდეს დასაყენებელი ჩაის ფოთოლი.

• ცეილონის ჩაი, ფასისა და ხარისხის მიხედვით, საშუალო და მაღალ კატეგორიაში შედის, აქედან გამომდინარე, დაბალფასიაინი ბრენდები ცეილონის ჩაის მცირე ოდენობით ან საერთოდ არ მოიხმარენ წარმოებაში. მოკლედ, თუ მეტისმეტად დაბალფასიან პროდუქტს აწერია, რომ ცეილონის ჩაია, ნუ დაიჯერებთ.

• არსებობს არასწორად გავრცელებული მითი ერთჯერადი ჩაის უხარისხობასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს მწარმოებელზეა დამოკიდებული. 

• გაითვალისწინეთ, რომ თუ ერთჯერადი ჩაი იაფია, მეტი დაფიქრება გმართებთ: როგორც ცნობილია, იაფი პაკეტის ჩაის საწარმოებლად იყენებენ ჩაის ფოთლის ნარჩენებს, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩაის მტვერს. ეს არის ის მცირე ნარჩენები, რომლებიც ჩაის ფოთლების მოხალვისას რჩება და, როგორც წესი, ზედმეტად იხალება. შესაბამისად, ნაკლებად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. ამიტომ, მწარმოებლებს პაკეტებში უხდებათ ხელოვნური საღებავების და არომატიზატორების დამატება. 

• მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, თუ რომელ ფოთლებს იყენებს მწარმოებელი წარმოებაში. ჩაის ბუჩქის ზედა ყლორტი და რამოდენიმე ფოთოლია მხოლოდ ვარგისი საუკეთესო ჩაის მიღებისთვის, დაბლითა ფოთლების გამოყენებით კი, მიიღება ნაკლებხარისხიანი ჩაი.

• ერთჯერადი ჩაის შეძენამდე, ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას: თუ პაკეტი დამზადებულია ხელოვნური აბრეშუმით, ნეილონით, ან სიმინდის კრახმალით, ესე იგი პროდუქტი ხარისხიანია. ქაღალდის პაკეტში კი, ჩაის გემოც და ხარისხიც დაბალია. ამასთან, უმჯობესია, თუ ჩაის თითოეული პაკეტი შეფუთულია ინდივიდუალურ კონვერტში, რაც მას გამოშრობის, სინათლის სხივებისა და ნესტისგან იცავს.

• არის ერთი კანონზომიერება: რაც უფრო ძვირიანია შეფუთვა, მით ხარისხიან პროდუქტს დებს შიგ მწარმოებელი.

• შეფუთვიდან ჩაის შენახვის ვარგისიანობა არ უნდა აჭარბებდეს 2 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს გემოს, არომატსა და სამკურნალო თვისებებს.

• მუყაოს ან რკინის ყუთში პირდაპირ, ვაკუუმშეფუთვის გარეშე ჩაყრილი ჩაის შეძენას არ გირჩევთ, ის ნაკლებად არომატული იქნება.

• რაც უფრო მაგრად არის ჩაის ფოთოლი დახვეული, მას მეტი არომატი და გემო ექნება შემორჩენილი.