გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 137 ქვეყნიდან 67-ე ადგილზეა
ამობეჭდვა · 2017-09-27 11:15:48 · 178 ნახვა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი გამოაქვეყნა. 

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 137 ქვეყნიდან 67-ე ადგილზეა. 2016-2017 წლების რეიტინგში ქვეყანა 59-ე პოზიციას იკავებდა.

“იმის მიუხედავად, რომ ევრაზიულ სახელმწიფოების უმრავლესობას შორის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, რეგიონის დაახლოების ნიშნები მცირეა. ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ეკონომიკები, მათ შორის რუსეთის ფედერაცია (38-ე ადგილი, ხუთი ადგილით გაუმჯობესდა), ინარჩუნებენ უპირატესობას. მიმდინარე წელს ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ეკონომიკები დაბალი ბაზიდან იწყება - მოლდოვა 11 საფეხურით დაწინაურდა და 89-ე ადგილს იკავებს. სხვები, რომლებიც ბოლო წლებში დაწინაურდნენ, კვლავ უკან დაიხიეს, მათ შორის საქართველო (67-ე ადგილი) და ყაზახეთი (57-ე) ადგილი, რომლებმაც შესაბამისად რვა და ოთხი საფეხური დაკარგეს“, - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბიზნესის კეთებისთვის საქართველოში ყველაზე პრობლემატური ფაქტორია არაადეკვატურად განათლებული სამუშაო ძალა, ასევე ფინანსებისადმი წვდომა და ინფლაცია. ამ მხრივ ყველაზე ხელშემწყობ ფაქტორებად კრიმინალის დაბალი დონე და შემზღუდავი შრომითი რეგულაციები დასახელდა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა რეიტინგი შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით შეადგინეს მაკროეკონომიკური გარემო, ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება, შრომის ბაზრის ეფექტიანობა, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზადყოფნა, ინოვაციები.

რეიტინგში უკრაინის მდგომარეობა ოთხი პოზიციით გაუმჯობესდა და ის 81-ე ადგილს იკავებს. რაც შეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სიაში თურქეთი 51-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი - 35-ე ადგილს, სომხეთი 73-ე ადგილს, რუსეთი- 38-ე ადგილს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში პირველ ადგილს ტრადიციულად შვეიცარია იკავებს, მას მოჰყვებიან აშშ, სინგაპური, ნიდერლანდები და გერმანია.

მსოფლიო ტენდენციაზე საუბრისას, ფორუმის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გლობალური ფინანსური კრიზისიდან ცხრა წლის შემდეგ მდგრადი აღდგენის პერსპექტივები მსოფლიო ლიდერების მიერ რეფორმების არაეფექტიანად ჩატარების გამო საფრთხის წინაშე რჩება.



ავტორი: 1tv.ge