იმერეთში ჩეხური „ბოჰემიის ბროლის“ წარმოების დაწყება ქართული ქვიშის ხარისხზეა დამოკიდებული
ამობეჭდვა · 2017-09-27 13:57:00 · 279 ნახვა

„ევროპაში „ბოჰემიის ბროლი“ საკმაოდ პოპულარული და შემოსავლიანი ბიზნესია და თუ ჩვენთან მისი წარმოება დაიწყება, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ განუცხადა.

 

„კომერსანტისთვის“ ჩეხური ბოჰემიური ბროლის საქართველოში შესაძლო წარმოებასთან დაკავშირებით ექსკლუზიურად რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. როგორც მაშინ ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ჩეხურ და ქართულ მხარეს შორის შეხვედრებიც გაიმართა. 

 

როგორც დღეს გივი ჭიჭინაძე აცხადებს, „ბოჰემიის ბროლის“ ხელმძღვანელ პირებსა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას შორის შეხვედრას თავადაც ესწრებოდა.

 

მისივე თქმით, ჩეხებმა საჩხერიდან ქვიშის ნიმუში წაიღეს და იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიულად დადასტურდა ქვიშის ნედლეულად გამოყენების ვარგისიანობა, იმერეთში ბროლის წარმოება დაიწყება.

 

„ჩეხური მხარე რომ იმერეთის რეგიონში ბროლის წარმოებით დაინტერესდა, ამაში ზაალ გოგსაძის დიდი წვლილი მიუძღვის. „ბოჰემიის ბროლის“ ორ ხელმძღვანელსა და ეკონომიკის მინისტთან შეხვედრას ორგანიზება სწორედ მან გაუწია. შეხვედრას მეც ვესწრებოდი. მთავარი არის ნედლეული, რისგანაც ბროლი მზადდება, ამ შემთხვევაში ქვიშა. ამიტომაც ჩეხებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან ნიმუშის სახით ქვიშა გავატანეთ. ქვიშა ლაბორატიულად შემოწმდება და შემდეგ უკვე დასკვნას გამოგზავნიან, ქვიშა კარგია თუ ცუდი. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ჩეხები იმერეთში საკმაოდ დიდი წარმოების დაწყებას აპირებენ“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

 

width=501

 

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ იმერეთში ჩეხური ბროლის წარმოების დაწყება გადაწყდა, კონკრეტულად რომელი ტერიტორია მოიაზრება საწარმოს ასაშენებლად, გუბერნატორი გვპასუხობს, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ქუთაისის „ჰუალინგ ჯგუფის“ თავისუფალი ეკონომიკური ზონა განიხილება: „ ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში ბევრი თავისუფალი ადგილი გვაქვს და სამომავლოდ ეს ვარიანტებიც განიხილება, იმ შემთხვევაში, თუ ჩეხური ბროლის წარმოება დაიწყება. ევროპაში „ბოჰემიის ბროლი“ საკმაოდ პოპულარული და შემოსავლიანი ბიზნესია. თუ ყველაფერი გამოვა, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, წარმოებაში ბევრი ადამიანი დასაქმდება.“

 

რაც შეეხება სავარაუდო ინვესტიციის მოცულობას, გივი ჭიჭინაძის განმარტებით, ჩეხურ მხარესთან შეხვედრაზე ინვესტიციის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

 



ავტორი: MediaMall.ge