თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
ამობეჭდვა · 2017-09-27 14:47:53 · 206 ნახვა

27 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც 7-15 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ჩატარდება.

პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის პროგრამების მენეჯერი - მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი რევაზ თავაძე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, საზეიმოდ, 7 ოქტომბერს  გაიხსნება და 15 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალის განრიგში 6 კონცერტია, რომელთაგან 5 - თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, ხოლო ერთ კონცერტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.

წელს, ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ფესტივალის დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავია. ამ თარიღის აღსანიშნავად, თელავის ფესტივალი წარმოგიდგენთ სხავადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტებს: ლუკაშვონ დრაჩეკი - ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2016 წლის კონკურსის გრან-პრის მფლობელი; დანიელ ჩობანუ - 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი; მამიკონ ნახაპეტოვი - მარია იუდინას /2003/ სახელობის, ედვარდ გრიგის /2012/ და სხვა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი; ბორის ბერეზოვსკი - ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი. ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან გამოჩენილი შემსრულებლები: გიორგი ქობულაშვილი /ჰობოი/, დმიტრი პროკოფიევი /ჩელო/ და ჯაიუნ ლი /ვიოლინო/, დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, საქართველოს სინფონიეტა და საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილე. 12 ოქტომბერს, თელაველებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ  მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც კონსერვატორიამ სპეციალურად თელავისთვის შეადგინა. მსმენელის წინაშე წარდგებიან: ირმა გიგანი, გოგონათა სიმებიანი კვარტეტი, იოსებ ჯუღაშვილი, სიმებიანი კვარტეტი, მარიამ ლოლუა, ლიზი ვერხვიაშვილი და თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული).

კონცერტების პარალელურად, თეატრის ფოიეში მოეწყობა ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის ამსახველი საკონცერტო აფიშების გამოფენა, რომელთა შორის წარმოდგენილია ანასტასია ვირსალაძის კლასის კონცერტის აფიშები, დათარიღებული 1940-1950 წლებით.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი საკმაოდ დატვირთულია მასტერკლასებითაც. ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი, გიორგი ქობულაშვილი და დანიილ ავსტრიხი. მასტერკლასები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.

ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010  წელს  განახლდა  და  მას  შემდეგ,   ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.



ავტორი: mediamall.ge