საქართველოს თასის ღია გათამაშება დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-09-29 16:54:00 · 180 ნახვა

29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში ფარიკაობაში საქართველოს თასი გათამაშდება. ტურნირი ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში ჩატარდება და მასში დედაქალაქის, რუსთავის, ზესტაფონის, ქუთაისის, აჭარის, ოზურგეთისა და აფხაზეთის საუკეთესო სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ფედერაციის მოწვევით, საქართველოს თასის ღია გათამაშებაში სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი და რუსი მოფარიკავეებიც იასპარეზებენ, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მუშკეტერი. დღეს და მომდევნო დღეებში საკვალიფიკაციო შეხვედრები 10 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 15 საათზე აიღებს სტარტს.

 

საქართველოს თასის ღია გათამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც თავის სიტყვაში ქართველი მოფარიკავეების წლევანდელ წარმატებებზე ისაუბრა, თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ დადებითი ტენდენცია, რაც სპორტის ამ სახეობაში შეინიშნება, არ შეჩერდება.

 

29 სექტემბერს მოფარიკავეთა ბილიკებზე მოხმალავენი დადგებიან, 30 სექტემბერს რაპირისტები, 1 ოქტომბერს კი ვაჟები და გოგონები დაშნით იასპარეზებენ. ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს თასის ღია გათამაშებაში სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და ლუკა ღაღანიძეც გამოვლენ.



ავტორი: MediaMall.ge