ბოტიჩელის ,,ვენერა“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
ამობეჭდვა · 2017-10-01 21:51:59 · 436 ნახვა

ბოტიჩელის ,,ვენერა’’ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. გამოფენებს აერთიანებს სახელწოდება  – ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე".

სანდრო ბოტიჩელის ,,ვენერა“ 1930 წლიდან ტურინის ,,გალერეა საბაუდას’’ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი ,,ვენერაა’’ ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას“ მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა“ რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა.

მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს.  ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში (რომის პერიოდის ტილოებიდან - მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე). გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო  მხატვრის ყველა ნამუშევარს ერთ სივრცეში.

გამოფენასთან დაკავშირებით, 2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი მაია გიორგაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გამოფენასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
 

 



ავტორი: MediaMall.ge