ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროების ნაწილს დაფინანსება უმცირდება, ნაწილს - ეზრდება
ამობეჭდვა · 2017-10-02 12:44:18 · 214 ნახვა

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება, რამდენიმე უწყების კი პირიქით, მცირდება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პარლამენტსა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით (60 მლნ 131 ათასი ლარი) იზრდება და 2018 წელს  62 მლნ 131 ათასი ლარი იქნება. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მიმდინარე წლის მსგავსად, მომავალ წელსაც 9 მლნ 800 ათასი ლარი იქნება, ისევე როგორც კვლავ მლნ 800 ათასი ლარით დაფინანსდება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის მსგავსად, 2018 წელსაც 16 მლნ 500 ათასი ლარით დაფინანსდება. მთავრობის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დაფინანსება ეზრდება ცესკო-ს. 

ბიუჯეტის პროექტით,თუკი 2017 წელს, ცესკო-ს დაფინანსება  60 მლნ 500 ათასი ლარი იყო, 2018 წელს  67,058.2 მლნ ლარი იქნება. რაც შეეხება სამინისტროებს, დაფინანსების თვალსაზრისით, კვლავ ლიდერობენ მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული სამინისტროები. კერძოდ, ყველაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს აქვთ. 

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება ერთი მლრდ 830.0 მლნ ლარი იქნება, 2017 წელს კი 1,258,047.0 ლარი იყო. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან 3 მლრდ 527 მლნ ლარს მიიღებს. (2017 წელს 3,415,800.0 ლარი იყო) 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაფინანსება 1,178,770.01 ლარი იქნება, 2017 წელს 1,116,165.0 ლარი იყო. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 253.8 მლნ ლარი, 2017 წელს 370, 467 მლნ ლარი იყო.

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წლის მსგავსად, 2018 წელს კვლავ 82.3 მლნ ლარს შეადგენს. 

იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 62 მლნ ლარი,2017 წელს კი  62,015.0 ლარი იყო. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება 145.0 მლნ ლარი იქნება, 2017 წელს 139,100.0 ლარი იყო. 

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 114 მლნ ლარი (2017 წელს  110 მლნ ლარი იყო). 

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 702მლნ ლარი (2017 წელს  748 მლნ ლარი იყო).

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 605 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 266 მლნ ლარი (2017 წელს 257,995.0 ლარი იყო). 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 123 მლნ ლარი.

ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 131მლნ (2017 წელს 132,300.0 ლარი იყო). 

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 116.5 მლნ ლარი, მათ შორის ფრანქფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენის ღონისძიების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია  16.5 მლნ ლარამდე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 96 მლნ ლარამდე, 2017 წელს 84,790.0 ლარი იყო.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 165.7 მლნ ლარამდე, 2017 წელს 136,820.0 ლარი იყო. 

ამასთან, 35 მლნ 700 ათასი ლარიდან 42 მლნ 975 ათას ლარამდე იზრდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაფინანსება.

ასევე, იზრდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება, რომელიც 5 მლნ 500 ათასი ლარით განისაზღვრება.

მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეგლამენტის შესაბამისად, პირველ ოქტომბრამდე წარუდგინა, დოკუმენტი კი ოფიციალურად ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევა.



ავტორი: mediamall.ge