ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 6.4% ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 2017-10-02 12:47:27 · 184 ნახვა

საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12,5%-ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წელს მისი მოცულობა 34,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 13,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

2016 წელს მთლიანი ბრუნვის 44,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,9% - საშუალო, ხოლო 34,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. 2016 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 666,8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,4%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.

2016 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 938,3 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 41,5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 716,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 36,5 ლარით).

2016 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი მშენებლობის დარგზე ნაწილდება (21,6%). მეორე და მესამე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20,6%) და ვაჭრობა (16,5%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,1%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,2 პროცენტიანი წილი უჭირავს.



ავტორი: mediamall.ge