Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისში ორი უნიკალური გამოფენა გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-10-02 15:27:00 · 164 ნახვა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში,  5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენები საერთო სახელწოდებით  "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე"  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

 

დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  მაია გიორგაძემ,   საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ  და იტალიის ელჩმა  საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.


როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და  კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით. გალერეაში გამოფენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ.

პრესკონფერენციის მონაწილეების განცხადებით, გამოფენა "Opera omnia,"  რომელიც Rai.Com-ისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება,  აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს.

 

მაია გიორგაძის შეფასებით,  პროექტ check in Georgia”-ს ფარგლებში 2017 წელს არა ერთი მუსიკალური, სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. ამჯერად კი ორი უნიკალური გამოფენა იმართება, რომელიც ასევე აბრეშუმის გზის ფორუმს ემთხვევა.

 

,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოფენას დაესწრება იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ჩამოდის 35 უმსხვილეს იტალიური კომპანიის წარმომადგენელთან ერთად. გაიმართება  ბიზნესფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იტალიურ ბიზნესწრეებს შორის, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“ განაცხადა მაია გიორგაძემ.

                                              

 

გამოფენები, რომელთა კოორდინატორია იტალიის  საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და  პროექტი Check-in-Georgia.


გამოფენების ოფიციალურ გახსნას, რომელიც  2017 წლის 4 ოქტომბერს 19:00ს თ-ზე გაიმართება,   იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მოადგილე ივან სკალფაროტო და იტალიელ მეწარმეთა დელეგაცია დაესწრება, რომლებიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

 

 



ავტორი: MediaMall.ge