საქართველოში კაცი 55%-ით მეტ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე ქალი
ამობეჭდვა · 2017-10-04 11:57:56 · 193 ნახვა

განათლების ინდივიდუალური ამონაგები (ფინანსური სარგებელი), განათლების შესაბამისობა დასაქმების ბაზართან და შრომითი კმაყოფილება - ამ თემის შესახებ კვლევა სოციალური მეცნიერების ცენტრმა საქართველოში ჩაატარა. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ კაცების შემთხვევაში, დასაქმების შანსი 1.5-ჯერ მაღალია ქალებთან შედარებით.

კაცების ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო (ნეტო) 55%-ით აღემატება ქალების ყოველთვიურ ანაზღაურებას. ფორმალური განათლების ყოველი დამატებითი წელი განსაზღვრავს საშუალოდ ყოველთვიური ანაზღაურების 9%-ით ზრდას ქალების შემთხვევაში, 11%-ით კაცების შემთხვევაში.

მონაცემთა ანალიზის შედეგების თანახმად, ფორმალური განათლების არმქონე და მხოლოდ სასკოლო განათლების მქონე რესპონდენტების ჯგუფში ქალებისა და კაცების რაოდენობა თითქმის თანაბარია. განათლების უფრო მაღალ საფეხურებზე კი ქალების რაოდენობა კაცებისას აღემატება.

ეროვნულ შრომის ბაზარზე ამჟამად დასაქმებული კაცების წილი 37%-ს შეადგენს, ქალების კი 7%-ით ნაკლებს (30%).

აღსანიშნავია, რომ სკოლის და პროფესიული განათლების კატეგორიებში დასაქმების მაჩვენებელი სქესის მიხედვით განსხვავდება კაცების სასარგებლოდ: სკოლის განათლების მქონე კაცების შემთხვევაში, დასაქმებულთა წილი შეადგენს 34%-ს, ქალების შემთხვევაში -14%; პროფესიული განათლების მქონე კაცების შემთხვევაში - 27%-ს, ქალების შემთხვევაში კი - 21%.

კვლევა დაფუძნებულია 2016 წლის ზაფხულში, სოციალურ მეცნიერებთა ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევაზე. ასევე, გამოყენებულია მსოფლიო ბანკის საქართველოს 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაც.