ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ აფრთხილებს
ამობეჭდვა · 2017-10-04 12:56:22 · 344 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარუდგინა. ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 

შეხედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გონივრული დაზოგვის, თაღლითური სქემების, ფინანსური რისკებისა და საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლებისა საკითხებზე.

„ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) მხარდაჭერით შექმნა, საზოგადოებას აცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ავტორი: MediaMall.ge