კუმურდოს ტაძარს რესტავრაცია უტარდება
ამობეჭდვა · 2017-10-04 19:12:58 · 169 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს. 

არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები 2015 წელს დაიწყო, დღემდე მიმდინარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

ისტორიული შრეების 2-წლიანმა შესწავლამ, რომლის შედეგადაც ტაძრის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები გამოვლინდა, კუმურდოს ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველადი ვარიანტი შეცვალა და ის ხელახლა დაკორექტირდა. ამჟამად, დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ტაძრის კომპლექსური რესტავრაცია, რაც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული მის ავთენტურ ფორმასთან.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი არქიტექტორ რესტავრატორთა ჯგუფი კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებს ამაგრებენ. ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძვლებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ და დახვრეტილ მოქალაქეებს ეკუთვნით, ტაძრის გალავნის მიღმა მოწყობილ სპეციალურ სამარხში დაასვენებენ.



ავტორი: Mediamall.ge