ევროკომისარი ევროკავშირის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდით კმაყოფილია
ამობეჭდვა · 2017-10-07 15:10:00 · 146 ნახვა

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში ევროკომისარ ფილ ჰოგანს შეხვდა. 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელსაც უკვე თვალსაჩინო  სარგებელი მოაქვს. 

ევროკომისარმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში პროგრამების წარმატებულ მიმდინარეობას, აღინიშნა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი პოტენციალი ევროკავშირის ბაზრისთვის.

ასევე, შეხვედრაზე საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ევროკომისარ ფილ ჰოგანს  გადასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოწვევა  და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისარი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. 


 



ავტორი: MediaMall.ge