ვილნიუსში თბილისობის დღესასწაული იზეიმეს
ამობეჭდვა · 2017-10-08 19:58:58 · 246 ნახვა

„თბილისობა ვილნიუსში 2017“ ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ლიტვაში რეკორდული რაოდენობის - ერთდროულად 1000 ხინკალი დამზადდა, რომლის მომზადებაშიც ქართული დღესასწაულის ლიტველი სტუმრებიც მონაწილეობდნენ. 

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟდა სკამები წარწერით „თბილისი“,თბილისის სახელობის განახლებულ სკვერს კი, ძველი თბილისის პანორამა დაამშვენებს. 

,,თბილისობას ვილნიუსში 2017" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ და ქალაქ ვილნიუსის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ, სიმონას გირდზიაუსკასმა გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იყო ქართული მინერალური და გამაგრილებელი სასმელები, ტრადიციული ქართული ნობათი. ვილნიუსელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო. ლიტველ და ქართველ სტუმრებს საკუთარი პროდუქცია ქართულმა კომპანიებმაც  (,,ნატახტარი“, ,,ქართული სუნელები“, ჩაი ,,გურიელ“, ,,ზედაზენი“ და ლიტვაში არსებული ქართული რესტორანი „ფიროსმანი“) წარუდგინეს.

საქართველოს ელჩმა ღონისძიების საპატიო სტუმრებს თბილისის საპატიო მოქალაქის სიმბოლურ სიგელები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში დაირგო ვაზის ნერგებიც. სტუმრებს კი,  ქართული და ლიტვური სიმღერები შესთავაზა ლიტვაში მოღვაწე ქართველი სტუდენტების მუსიკალურმა ჯგუფმა „საქართველო“.

ვილნიუსში გამართულ თბილისობაზე, საქართველოს თემატიკაზე მომზადებული ნამუშევრები წარადგინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრებმა - ამირან კუპრავამ, მირაბ ფიფიამ, მერაბ ეფაძემ, ნესრე ბაცაშმა და ლიტველმა მხატვრებმა.

ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქ. კაუნასში არსებული „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლის“ ნამუშვრები და ლიტვურ ენაზე თარგმნილი - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ასევე, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ლიტვაში გამართული ღონისძიების სპონსორი კომპანია „ბორჯომი“ იყო.  

 



ავტორი: MediaMall.ge