ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა - "ტორპედო" - "ლოკომოტივი" გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება
ამობეჭდვა · 2017-10-11 15:23:01 · 166 ნახვა

23 ოქტომბერს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის 31-ე ტურში, ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. ეროვნულ ლიგაში "ტორპედო" 55 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. თბილისური კლუბი, რომელიც ქუთაისელებს 7 ქულით ჩამორჩება, სამეულში მოხვედრას ცდილობს.

ეს პრინციპული შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო, -  ინფორმაცია Facebook-ზე ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება თბილისში, "მიხეილ მესხზე" გამართული "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" შორის 11 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინცინდენტის გამო მიიღო. ტრიბუნებზე დაწყებული ჩხუბის გამო თამაში ჩაიშალა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კი ორივე გუნდი 20 ათასი ლარით დააჯარიმა და ორ მატჩზე გულშემატკივრების დასწრების უფლება ჩამოართვა.

ქუთაისელმა ფანებმა მატჩზე დასასწრებად ხელმოწერები შეაგროვეს, თუმცა, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. საფეხბურთო კლუბის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა მოსიაშვილის განმარტებით, ფედერაციამ მიზეზად გუნდების ქომაგთა შორის ჯერ კიდევ არსებული რისკები დაასახელა.

 

 



ავტორი: 1tv.ge