კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოიტანა
ამობეჭდვა · 2017-10-12 10:42:27 · 145 ნახვა

დეველოპერულმა კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" ბიზნესის განვითარებისთვის ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალი ობლიგაცია გამოიტანა, წლიური 11%–იანი სარგებლის დარიცხვით.

ინვესტიციის მოზიდვის მიზანს სამშენებლო ბიზნესის გაფართოება წარმოადგენს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სასტუმრო "Biltmore“-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს. პრეს-კონფერენციას ესწრებოდა როგორც სამთავრობო ისე კერძო სექტორი.  

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განაცხადებით - „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება ამ ინიციატივას, მითუმეტეს მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის ფორმირების რეფორმა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ჩართულია ამ პროცესში.“

კომპანიამ ფასიანი ქაღალდების განთავსების ლეგიტიმური უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი დაუმტკიცა და დაურეგისტრირა 2017 წლის 6 სექტემბრის # 94 განკარგულებით.

"ჩვენ გამოვუშვით 2 მილიონი დოლარის ნომინალის ფასიანი ქაღალდები, რომელიც გახლავთ ორწლიანი და 11%-იანი საპროცენტო განაკვეთი. მისი ნომინალური ღირებულება გახლავთ 40 000 აშშ დოლარი. ეს მოხმარდება მხოლოდ „მწვანე უბანი ლისთან“ პროექტის საქმიანობას. ამ ეტაპზე უბნის მშენებლობა სამ ნაწილად არის დაყოფილი.  პირველი ეტაპი ფაქტიურად დასრულების ეტაპზეა.  4 სახლს ვაბარებთ თეთრი კარკასით და ექსპლუატაციაში ეს  ნაწილი ნოემბერ - დეკემბერში ჩაბარდება. ფასიანი ქაღალდების შესაძენად ძალიან მარტივი პროცედურებია გასავლელი“  - განაცხადა კომპანია „გრინ დეველოპმენტის“ ერთ-ერთმა დირექტორმა მამუკა მაჭავარიანმა.

 



ავტორი: MediaMall.ge