თბილისის „დინამო“ სუპერთასის მფლობელი გახდა
ამობეჭდვა · 2017-10-12 22:48:52 · 174 ნახვა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სატიტულო მატჩში „ქუთაისი 2010“ 18 ქულის სხვაობით - 88:70 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო.

აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა 6 დღის წინ დუდუ დადიანის თასი მოიგეს და აღნიშნულ ტიტულს დღეს სუპერთასიც მიამატეს. მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მიხეილ ბერიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერების - ლაველ ბოიდისა და კაილ ტურპინის ლიდერობით დინამოელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაელ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც თავი 20 ქულას, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა.

ქუთაისში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.

დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა - ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა - ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

„საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გვეჭირა, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში „ქუთაისს“ გარდატეხა შეეტანა. რამდენჯერმე გამოასწორეს კიდეც თამაში, მაგრამ ჩვენ კორექტივები შევიტანეთ და მეტოქეს წარმატების შანსი არ მივეცით. სუპერთასი დამსახურებულად მოვიგეთ, რასაც ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს“, - განაცხადა დინამოს მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ.

„პროგრესს განვიცდით. ქართულ გუნდებთან ჩატარებულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს, ეს იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ ევროპის თასზე ღირსეულად გამოვიდეთ. ვულოცავ ჩვენს თანაგუნდელებს მორიგი ტიტულის მოგებას“, - აღნიშნა „დინამოს“ კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ.

 



ავტორი: Mediamall.ge