ქართველი ფეხბურთელი მოედანს ნიღბით დაუბრუნდა
ამობეჭდვა · 2017-10-13 16:27:00 · 296 ნახვა

საქართველოს ნაკრების კანდიდატი, ტულის “არსენალის” მცველი გია გრიგალავა მოედანს სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

26 წლის გრიგალავა 29 ივლისს, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-3 ტურში ყაზანში დაშავდა. “რუბინისა" და “არსენალის” შეხვედრის მე-7 წუთზე, ყაზანელთა თავდამსხმელ ჟონატასმთან ორთაბრძოლის შედეგად მას სახის ძვალი ოთხ ადგილზე ჰქონდა გატეხილი.

თუმცა, გრიგალავა რთული ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს მოსალოდნელზე სწრაფად დაუბრუნდა. ის “არსენალის” განაცხადში 29 სექტემბერს მოხვდა, როდესაც ტულელები “კრასნოდარს” მასპინძლობდნენ. ამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი დაშავდა, მაგრამ იმ დღეს გრიგალავა მოედანზე არ გამოჩენილა.

იძულებითი შესვენების შემდეგ გრიგალავამ პირველად სანაკრებო პაუზის დროს ითამაშა. ტულელებმა ბელარუსის უმაღლესი ლიგის ჟოდინოს “ტორპედოსთან” სპარინგი 0:0 დაასრულეს.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე სახის დამცავი ნიღბით გამოჩნდა, რომელიც გერმანიაში საგანგებოდ მისთვის დაამზადეს.

 



ავტორი: 1tv.ge