“გრიპისგან ფატალური შედეგებიც დგება”: როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან
ამობეჭდვა · 2017-10-13 17:39:00 · 336 ნახვა

“გრიპის აცრა დაახლოებით, 60-80%-ში ადამიანს იცავს მისი შემდგომი განვითარებისგან. რაც მთავარია, აცრის შემდეგ თუ პირი  გრიპით მაინც დაავადდა,  ის შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს”,  – ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ვაქცინაციაა:

“ჩვენს ქვეყანაში გრიპის სეზონი იწყება დაახლოებით მეორმოცე კვირიდან და გრძელდება მომავალი წლის მეოცე კვირამდე. ამ თვალსაზრისით, ოქტომბერი გახლავთ საუკეთესო პერიოდი გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად. ძირითად რისკჯგუფებს წარმოადგენენ  ბავშვები – ბავშვთა სახლებიდან და მოხუცები – თავშესაფრებიდან; ასევე, დიაბეტიანი ბავშვები და სამედიცინო პერსონალი. მნიშვნელოვანია გრიპის აცრა 65 წლის ასაკის ზემოთ.” – განმარტა გამყრელიძემ.

“ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიპის აცრა არ არის ისეთი ტიპის პრევენცია, როგორც აცრა წითელაზე. შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ დავირუსდება:
“გრიპი სახუმარო თემა არ გახლავთ, იწვევს სერიოზულ დაავადებებს. განსაკუთრებით სახიფათოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ ფატალური შედეგებიც დგება. როგორც წესი, აცრა 6 თვის ასაკამდე ბავშვებში არ ტარდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ორსული ქალბატონების აცრა, რადგან ამ შემთხვევაში დაცულები არიან როგორც დედები,  ისე – ახალშობილები.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკომენდირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად მისი ხარისხი მაღალია.

“აცრებთან ერთად, გრიპისგან თავდასაცავად აუცილებელია ჰიგიენური პროცედურების დაცვა; ხელების სწორი და ხშირი დაბანა განსაკუთრებით ბავშვებში არის რეკომენდირებული.

ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპი არ შეინიშნება, მაგრამ ფიქსირდება სხვადასხვა გრიპის მსგავსი ვირუსი. ეს ვირუსები ნაკლებად საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე სახიფათოა. გრიპის ცირკულაციის დაწყებას ნოემბრიდან ველით.” – განაცხადა გამყრელიძემ.



ავტორი: MediaMall.ge