საქართველოში შემოსვლაზე მოლაპარაკებები 25-მდე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 2017-10-14 18:18:00 · 272 ნახვა

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს მომავალი წლიდან კიდევ ერთი ახალი ტერმინალი მოემსახურება. ამ სტრატეგიული მდებარეობის მქონე აეროპორტის ხუთწლიანი ისტორია ძირითადად იაფად მგზავრობის მიზნებს უკავშირდება, რადგან აქ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ოპერირებს, - აღნიშნული თემით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე საუბრობს. 

-ქალბატონო ქეთევან, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი რამდენად გაზრდის მგზავრთნაკადს და აღნიშნული ინფრასტრუქტურული სიახლე აეროპორტის ეფექტიანობაზე რამდენად აისახება? 

-ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება იქიდან გამომდინარე დაიგეგმა, რომ საკმაოდ გაიზარდა მგზავრთნაკადი და სწორედ მათი მომსახურებისთვის დაგვჭირდა გაზრდილი ინფრასტრუქტურული გარემო. ჩვენ ასევე IATA-თან ერთად მომდევნო წლების ანალიზი განვახორციელეთ, რომლის შედეგადაც განისაზღვრა თუ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში რა ტიპის ინფრასტრუქტურა დაგვჭირდება იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთა ნაკადს მოვემსახუროთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ახალი ტერმინალი პიკურ საათში დაახლოებით 1000-1200 მგზავრს მოემსახურება, რაც ერთი და იგივე დროს დაახლოებით 5-6 რეისია. 

-ყოფილმა პრემიერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი ერთგვარი არამიზნობრივი ხარჯი იყო, ამ განცხადებიდან ხუთი წელი გავიდა და დღეს ქუთაისი აეროპორტის სტრატეგიულ ფუნქციას როგორ შეაფასებდით? 

-ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობა და მისი ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული არასდროს ყოფილა და მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს საკმაოდ დიდი თანხა (დაახლოებით 15 მილიონამდე) იყო დასახარჯი იმისთვის, რომ აეროპორტი დასრულებულიყო, ვინაიდან სექტემბერში აეროპორტი ბოლომდე დასრულებული არ იყო და სწორედ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შემდეგომ შევძელით აეროპორტის მშენებლობის დასრულება. 2013 წლიდან იგი სრულად ამუშავდა და მგზავრთანაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სხვა დანარჩენ აეროპორტებთან ერთად, ქვეყნის განვითარებაში მნიშნელოვან როლს ასრულებს, რა თქმა უნდა, ეს ტურიზმის მიმართულებაა და მეორე მხრივ, გლობალურად ეს ქვეყნის მდგრადი განვითარებაა. 

-სხვა მცირე აეროპორტების მხრივ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ოპერირებენ რა ხდება, მაგალითად, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლით გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემებია და აღნიშნული მიმართულებით რეგულარულ მიმოსვლაზე საკითხი არაერთხელ დაისვა და ამასთან დაკავშირებით რამე სიახლეს ხომ არ ფლობთ? 

-თუშეთის და ომალოს მიმართულებები ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო და კვლევა გვაქვს დაწყებული იქ აეროპორტის ან შესაძლოა აეროდრომის მშენებლობასთან დაკავშირებით. იყო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ფრენები ხორციელდება და იმედი გავქვს, რომ მიმდინარე წლის დასასრულისთვის უკვე ზუსტად გვეცოდინება ის კონცეპტი თუ როგორ უნდა განვითარდეს იქ სააეროდრომო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ უფრო კომპლექსურად შევძლებთ მგზავრებისთვის სიახლის მიწოდებას. სხვა აეროპორტებს რაც შეეხება, როგორც იცით, ამბროლაურის აეროპორტი მიმდინარე წელს გაიხსნა და საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე საკმაოდ ბევრი უცხოელი ტურისტი და ზაფხულის პერიოდში ხუთ რეისამდე გვქონდა გაზრდილი. ასევე ძალიან კარგად მუშაობს თბილისი-ნატახტარი-მესტიის მიმართულება და ქუთაისი-მესტიის მიმართულებაც, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის სავსეა და საკმაოდ დიდი ნაწილი ტურისტებზე მოდის. 

-რას გვეტყვით თელავის აეროპორტზე ’’მიმინო“, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენება, რა პერსპექტივები აქვს თელავის აეროპორტს და როგორია კუთხით თქვენი გეგმები? 

-თელავის აეროპორტი საავიაციო უნივერსიტეტს ეკუთვნის და იქ სასწავლო ფრენები მიმდინარეობს და აეროპორტი ამ ეტაპზე სწორედ ამ მიზნისთვის გამოიყენება. ჩვენ გლობალურად განვიხილავთ ადგილობრივი აეროპორტების განვითარებას ქვეყნის ურბანული და სივრცითი მოწყობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, თელავის აეროპორტის, ისევე როგორც სხვა აეროპორტების შეფასება და გადაწყვეტა ხდება, თუ რომელი შეიძლება პირველი რიგის პროექტი გახდეს უახლოეს მომავალში. ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტი გაფართოვდა, ქუთაისის აეროპორტის გაფართოება იგეგმება და ასევე ბათუმსა და ომალოზე ვმუშაობთ. ეს პირველი რიგის ამოცანებია, რომლებიც ამ ეტაპზე დგას ჩვენს წინაშე. 

-ევროპაში ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair აპირეს თუ არა საქართველოში შემოსვლას? 

-ჩვენ მოლაპარაკებას ძალიან ბევრ ავიაკომპანიასთან ვაწარმოებთ იქნება ეს დაბალბიუჯეტიანი თუ სხვა ჩვენთვის საინტერესო როგორც ევროპული ასევე არა ევროპული მიმართულებებით. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს და კონკრეტულ მიმართულებებს ანალოგიურად ამ ეტაპზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ავიაკომპანიების პოლიტიკის შესაბამისად, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება მიმართულებების შესახებ გაცხადება არ ხდება. დაახლოებით 20-25 ავიაკომპანიას ვესაუბრებით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ახალ კომპანიებთან და უკვე არსებულ კომპანიებთანაც ფრენების სიხშირეების გაზრდაზე და ახალი მიმართულებების დამატებაზე. ჩვენი სპეციალური სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აღნიშნული საქმით არის დაკავებული. 


-2013 წელს გაჟღერებული ინიციატივით, ვაზიანის აეროდრომის განვითარება იყო შესაძლებელი, დღეს თუ გაქვთ რამე კონკრეტული ხედვა ან სტრატეგია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? 

-იმ მოლაპარაკების ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვქონდა ’’ტავ ჯორჯიასთან“ და ’’ტავ ჰოლდინგთან“ ჩვენ უკვე კონკრეტული შედეგები დავდეთ ეს არის განახლებული ინფრასტრუქტურა და ასაფრენი ზოლი და ასევე ახალი ჩამოფრენის ტერმინალი და გაფრენის ფიგელია. ამას საჰარო ხომალდების სადგომიც დაემატა და დღესდღეობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელიც მის წინაშე დგას. ვაზიანის აეროპორტი ჯერჯერობით შორეული პერსპექტივაა და დღეს ამ მიმართულებით ჩვენ არ ვმუშაობთ. საქართველოში ბევრი აეროპორტია, მათ შორის, სამხედრო აეროპორტი და ამ შემთხვევაში სამხედრო სტრატეგიაც არის მხედველობაში მისაღები. 2027 წლის მერე პერსპექტივას რაც შეეხება, როდესაც არსებული ხელშეკრულება დასრულდება, ეს სულ სხვა საკითხია, რომელზეც გარკვეული პერიოდის შემდეგ მუშაობა დაიწყება. ამ ეტაპზე ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანა არსებული ტერმინალის იმ სტანდარტებში მოყვანა და ოპერირებაა, რომელიც ჩვენ მგზავრთა მომსახურებისთვის გვჭირდება.



ავტორი: MediaMall.ge